რაგბი ევროპის სუპერთასის მფლობელი "შავი ლომი" ტიტულს 17 დეკემბერს თბილისში, "ავჭალაზე" ისრაელის "თელ-ავივ ჰითთან" დაიცავს. ფინალური შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.
პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა სუპერთასის პირველი გათამაშება მოიგო. მაშინ "შავმა ლომმა" გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიური "ლუზიტანუში" ლისაბონში 17:14 დაამარცხა.
"შავმა ლომმა" აღმოსავლეთ კონფერენცია წელსაც პირველ ადგილზე დაასრულა, ნახევარფინალში კი ესპანური "იბერიანსი" უშანსოდ, 41:9 დაამარცხა. "ჰითი" აღმოსავლეთში მეორე იყო, ნახევარფინალში "ლუზიტანუშს" ლისაბონში ეწვია და 30:22 იმარჯვა, რითაც ფინალის საგზურთან ერთად, საქართველოში ვიზიტიც "გამოიწერა".
ისრაელის გუნდი ერთადერთია, რომელსაც წელს "შავმა ლომმა" ვერ მოუგო.
პირველი შეხვედრა ქუთაისში ფრედ 25:25 დასრულდა, განმეორებით მატჩში კი გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ – 24:18. ახლა ჩვენს გუნდს რევანშის შანსი ეძლევა, თანაც უფრო წონად მატჩში, რომლის შედეგმა თასის მფლობელი უნდა გამოავლინოს.