მოსკოვი და ვაშინგტონი რუსეთში დაკავებული კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის იარაღით ცნობილ მოვაჭრეზე, ვიქტორ ბუტზე გაცვლაზე შეთანხმდნენ. ვიქტორ ბუტი აშშ-ის ციხეში 12 წელია, იმყოფება. ბრიტნი გრინერი კი მოსკოვის აეროპორტში კანაფის ზეთის გადატანის ბრალდებით მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დღე, რომლისთვისაც დიდხანს ვმუშაობდით, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კალათბურთელის ბრიტნი გრინერის გათავისუფლებას. როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, ბრიტნი გრინერი უსაფრთხოდ არის და უკვე გზაშია. მან მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს გრინერის დაბრუნების პროცესში ფასილიტაციისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გრინერს ტელეფონით უკვე ესაუბრა.