საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა.როგორც ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი 5-წლიანი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ისაა, რომ სახალხო დამცველის აპარატი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ომბუდსმენის აპარატს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უპრეცედენტო აღიარება აქვს.
მისივე თქმით, ახლა ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან დიდი ყურადღება მიექცევა იმას, თუ ვის აირჩევს პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტზე.
„დღეს დასრულდა სახალხო დამცველის პოსტზე ჩემი 5-წლიანი ვადა. ვფიქრობ, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენს ქვეყანას მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, გახდეს ევროკავშირის წევრი, მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ვფიქრობ, დღესაც და მომავალი თვეების განმავლობაში ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის იმ 12 პუნქტის შესრულება, რაც ევროკავშირმა ქვეყანას დაუწესა. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რასაც ამ პოსტზე სახალხო დამცველის აპარატმა მიაღწია, არის ის, რომ სახალხო დამცველის აპარატი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებაში. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იყო უპრეცედენტო აღიარება და მომავალშიც, ევროინტეგრაციის გზაზე სახალხო დამცველის აპარატი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამის დასტურია ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის აღიარება, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის და ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ სახალხო დამცველის პოზიციონირებაა და შეფასებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ვის აირჩევს პარლამენტი ამ პოსტზე, ვინაიდან 12 ეს რეკომენდაციაში ერთ-ერთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, დიდი ყურადღება მიექცევა, ვინაიდან, ევროკავშირის პოზიციით ეს არის საკითხი, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოხატვას საჭიროებს ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ინსტიტუტი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და შერჩეული იქნება ის კანდიდატი, რომლის მიმართაც მაქსიმალური კონსენსუსი იქნება პოლიტიკურ სპექტრს შორის“, - განაცხადა ლომჯარიამ.
ინფორმაციისთვის, ნინო ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველი ხუთი წლის განმავლობაში იყო. ის პარლამენტმა 2017 წლის 30 ნოემბერს 96 ხმით, 5-ის წინააღმდეგ აირჩია. ახალი სახალხო დამცველის არჩევისთვის პარლამენტს საკუთარი კანდიდატურა 19-მა სუბიექტმა შესთავაზა. მათი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში უკვე დასრულდა. საპარლამენტო პარტიებს შორის სახალხო დამცველობის კანდიდატზე შეთანხმების მიზნით კონსულტაციები კი ამ დრომდე გრძელდება.