პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს.
როგორც ლილუაშვილი აცხადებს ოპოზიცია მმართველ გუნდთან საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე შეთანხმდა.
„ალბათ, ყველა თქვენგანს ახსოვს, როგორი კრიტიკა წამოვიდა ჩვენი პარტიის მიმართ „ნაციონალური მოძრაობიდან“, ვაშაძის პარტიიდან იმაზე, რომ ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას „ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, როგორ არ ჰქონდა, მათი შეფასებით, აზრი ამ ჩართულობას და როგორ არ დასხდებიან თვითონ „ოცნებასთან“ საპარლამენტო ფორმატებს მიღმა ამ საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდაც კი. გუშინ აღმოჩნდა, რომ თურმე „ნაცმოძრაობის“ თხოვნით, მათ შორის, „ლელოს“ და ვაშაძის მონაწილეობით არაერთი შეხვედრა განხორციელდა კულუარულად საარჩევნო სისტემის რეფორმის (12-დან ერთ-ერთი რეკომენდაციის) ფარგლებში. როგორც ჩანს, რაც თვითონ პარტიული მიზნებიდან გამომდინარე აწყობთ, შეუძლიათ დასხდნენ და დალაგდნენ „ოცნება“ და „ნაცები“ კულუარულად, ისე რომ თავიანთ ამომრჩევლებს დაუმალონ, რომ ერთმანეთთან ლაპარაკობენ, თათბირობენ, და თანხმდებიან ისეთ საკითხებზეც კი, რაც მომდევნო არჩევნებზე მათ კონკრეტულ საარჩევნო შედეგებს მოუტანს.
ფაქტია ისიც, რომ რაღაც შეთანხმებას მიაღწიეს „ოცნებასთან“ ამ მიმართულებით. აგერ „ოცნებას“ გამოაქვს, მათ შორის, „ნაცების“ მიერ დაყენებული საკითხები საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პაკეტში და გუშინდელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ეს არც დაუმალავთ. აი, კიდევ დამატებითი მიზეზები, რატომ ვერ მოხდება ჩვენი და ამ ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობა, გარიგება და მისთანანი. თუ პროცესში შედიხარ, უნდა შეხვიდე ღიად, თქვა რომ შეგეშალა, როცა არასწორად აკრიტიკებდი სხვების საქციელს და მხოლოდ შენი პარტიული ამოცანებიდან გამომდინარე, მალულად არ უნდა იმოქმედო!“ - აცხადებს ლილუაშვილი.