რუსულმა ძალებმა 1 000-ზე მეტი ჭურვი და რაკეტა გაისროლეს უკრაინის ელექტრო ქსელის წინააღმდეგ, რომელიც, მნიშვნელოვნად დაზიანების მიუხედავად, ჯერ კიდევ მუშაობს, - ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Interfax Ukraine Ukrenergo-ს აღმასრულებელ დირექტორზე, ვოლოდიმირ კუდრიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
კუდრიცკიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის ელექტროქსელის რემონტისთვის საჭიროა კომპლექსური აღჭურვილობა. მისი თქმით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის ბოლო ტალღებმა სერიოზულად დააზიანა ქსელი და გამოიწვია საგანგებო და დაგეგმილი გათიშვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ეს თავდასხმები წარმოადგენს ყველაზე დიდ დარტყმას ელექტრო ქსელისთვის, რაც კი კაცობრიობას ოდესმე უნახავს. ელექტრო ობიექტებსა და ხაზებს, მათ შორის ქვესადგურებს, 1 000-ზე მეტი ჭურვი და რაკეტა ესროლეს“, - აღნიშნა კუდრიცკიმ.
მისი თქმით, ამჟამად უკრაინა წარმოების სიმძლავრის სერიოზულ დეფიციტს განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ მოხმარება ომამდელ პერიოდთან შედარებით 25%-30%-მდეა შემცირებული.
„სისტემა ჯერ კიდევ მუშაობს, ის ინტეგრირებულია, არ არის მოშლილი ან გათიშული“, - განაცხადა კუდრიცკიმ.