თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია საკრებულოში უკვე გაგზავნილია და მისი ოდენობა მილიარდ 623მლნ ლარს შეადგენს - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტს დაემატება ფინანსთა სამინისტროსგან მისაღები ტრანსფერი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღები სესხი. ჯამში კი სხვადასხვა პროგრამის განსახორციელებლად, 1,768 მილიარდი ლარი იქნება გამოყოფილი. მისივე თქმით, მომავალ წლის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხა - 530 მლნ ლარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა-განვითარებას მოხმარდება. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე ახალი და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.
2023 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტები, როგორებიცაა: 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა; წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება; დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას, ინგოროყვასა და წინამძღვრიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მომავალ წელს მოხდება ვაზისუბნის, ციციშვილის, მუხიანის, პირველი რესპუბლიკის პარკების რეაბილიტაცია. რეკრეაციული სივრცეები რეაბილიტირდება სამგორსა და ისანში, ასევე, სამგორში მოეწყობა ახალი პარკი.