თანამედროვე ამერიკული დიპლომატიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფიგურამ მადლენ ოლბრაიტმა, რომელიც პირველი ქალი გახდა სახელმწიფო მდივნის პოსტზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კი, შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის სტატუსი შეიძინა, არა მხოლოდ ხისტი პოლიტიკითა და უკომპრომისო გადაწყვეტილებებით, არამედ მკვახე გამონათქვამებითა და ზედმეტად მკაცრი შეფასებებით გაითქვა სახელი.
მარია იანა კორბელოვა 1937 წლის 15 მაისს დაიბადა პრაღაში, სახელი კი, რომლითაც მოგვიანებით გაიცნო მსოფლიომ ბავშვური ზედმეტსახელისგან - მადლენკასგან მიიღო. მარიას მამა - წარმოშობით ბოჰემიელი ებრაელი იოზეფ კორბელი პრეს-ატაშედ მუშაობდა ბელგრადში ჩეხოსლოვაკიის საელჩოში, თუმცა 1939 წლის მარტში, ნაცისტების მიერ ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ, იოზეფი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად გადაბარგდა ბრიტანეთში, სადაც ჯერ კათოლიკედ მოინათლა, მერე ედვარდ ბენეშის ემიგრაციულ მთავრობას შეუერთდა მრჩევლის პოსტზე.
მართალია, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნებული იოზეფი ჩეხოსლოვაკიის ელჩად მიავლინეს იუგოსლავიაში, მაგრამ 1948 წელს, ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ კორბელი საკუთარი ნებით გადადგა პოსტიდან და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა ამერიკაში, რადგან მხოლოდ ასე შეიძლებოდა თავის დაღწევა პატიმრობისგან, რომელიც დემოკრატიული იდეალების ერთგულებისთვის დაემუქრა.
შეერთებულ შტატებში ემიგრირებული კორბელი როკფელერის ცენტრის დახმარებით შეუდგა პედაგოგიურ საქმიანობას დენვერის უნივერსიტეტში, სამშობლოში კი, სადაც ნათესავები ჯერ ჰოლოკოსტმა, მერე სტალინურმა რეჟიმმა იმსხვერპლა, არასდროს დაბრუნებულა.
შვეიცარიაში, კათოლიკურ პანსიონში სწავლის შემდეგ, სახელობითი სტიპენდიის წყალობით მადლენკა კონექტიკუტის შტატის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში - კენტის კერძო სკოლაში ჩაირიცხა, რომლის დასრულებისთანავე ერთდროულად ხუთი უნივერსიტეტიდან მიიღო მიწვევა. მომავალმა დიპლომატმა, უელსის ქალთა კერძო კოლეჯი აირჩია, რომელიც 1959 წელს დაამთავრა პოლიტოლოგიის ბაკალავრის ხარისხით, თუმცა მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და ცოდნის გაღრმავება ჯერ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სცადა, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა, მერე კოლუმბიის უნივერსიტეტში, რომელიც ზბიგნევ ბჟეზინსკის - 1977-1981 წლებში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ჯონ კარტერის მრჩევლის ხელმძღვანელობით დაამთავრა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ემიგრირებამდე მოზარდმა მადლენკამ, (რომელმაც 20 წლის ასაკში მიიღო შეერთებული შტატების მოქალაქეობა), არა მხოლოდ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება შეიძინა, არამედ ბრწყინვალედ ისწავლა რამდენიმე უცხო ენა - ინგლისურის, ფრანგულის და რუსულის, პოლონურის და სერბულ-ხორვატულის ჩათვლით.
პოლიტიკური კარიერა მადლენ ოლბრაიტმა, რომელმაც გათხოვების შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი, 1972 წელს დაიწყო, როცა დემოკრატიულ პარტიას შეუერთდა რიგით აქტივისტად, სამი წლის შემდეგ კი, მენის შტატის სენატორის ედმუნდ მასკის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა, რომელმაც კომუნიკაბელური და ყველას მიმართ კეთილად განწყობილი ახალბედა პოლიტიკოსი მრჩევლად მიიწვია საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის საკითხებში.
თეთრ სახლში ოლბრაიტი ყოფილი პედაგოგის ზბიგნევ ბჟეზინსკის წყალობით აღმოჩნდა, რომელიც 1970-იანი წლების ბოლოს ჯიმ კარტერის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მრჩევლად ითვლებოდა. მართალია, ფავორიტ სტუდენტს ბჟეზინსკიმ რეფერენტის თანამდებობა ჩააბარა და მისი ოფისის გამართული კავშირის უზრუნველყოფა დაავალა კონგრესთან, მაგრამ 1981 წელს, დემოკრატების მარცხის შემდეგ ყველას ერთად მოუწია თეთრი სახლის დატოვება.
1982 წელს, პოლონეთის ანტიკომუნისტური იატაკქვეშა ორგანიზაციის „სოლიდარობის“ მხარდასაჭერად პროგრამაში „იმისთვის, რომ პოლონეთი იყოს პოლონეთი“ მონაწილეობის შემდეგ, ოლბრაიტმა პოლიტიკური კარიერა პედაგოგიურით ჩაანაცვლა და დროებით ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გადაინაცვლა, სადაც არა მხოლოდ პროგრამას „ქალები საშინაო პოლიტიკაში“ ხელმძღვანელობდა, არამედ სემინარსაც უძღვებოდა საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკაზე.
1984 წელს ოლბრაიტი დემოკრატი ჯერალდინ ფერაროს მრჩეველი გახდა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაბმულ უოლტერ მონდეილესთან ერთად იყრიდა კენჭს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა დემოკრატებმა ისევ ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება.
მართალია, მადლენს ძალიან გაუჭირდა მარცხის დაძლევა, მაგრამ ძალა მოიკრიბა და საზოგადოებრივ ორგანიზაციას „ნაციონალური პოლიტიკის ცენტრს“ ჩაუდგა სათავეში, რომელიც დემოკრატიული პარტიის გასაძლიერებლად შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ „ცენტრში“ საქმიანობა ოლბრაიტს არა მხოლოდ კავშირების გაფართოებასა და პოლიტიკოსებთან დაახლოებაში, არამედ 1988 წელს დემოკრატთა პრეზიდენტობის კანდიდატის მაიკლ დუკაკისის მრჩევლის პოსტზე დანიშვნასა და საგარეო საკითხების კურირებაშიც დაეხმარა.
სწორედ დუკაკისისა და მისი კონკურენტის ჯორჯ ბუშის ტელედებატების დროს გაიცნო მადლენმა არკანზასის შტატის გუბერნატორი ბილ კლინტონი, რომელსაც ამერიკის მეტად გავლენიან საზოგადოებრივ ორგანიზაციაში - საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოში ურჩია გაწევრიანება. კლინტონმა არა მხოლოდ რეკომენდაცია გაითვალისწინა, არამედ ოლბრაიტის საზრიანობა, დიპლომატიური გონებაგამჭრიახობაც დააფასა და 1993 წელს, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მადლენი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მიავლინა შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის სტატუსით.
ახალ თანამდებობაზე ოლბრაიტმა ჯერ მტკიცე და უკომპრომისო დიპლომატის რეპუტაცია დაიმკვიდრა, მერე „ამერიკელი რკინის ლედის“ სახელი შეიძინა პრესისგან, რადგან არა მხოლოდ პოლონეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის ნატოში გაწევრიანების ინიციატივა წამოაყენა, არამედ ბოსნიელი სერბების დაბომბვასაც დაუჭირა მხარი, 1995 წელს კი, ერაყის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებას მიემხრო.
მეტიც, 1996 წელს, ტელეკომპანია CBS-ის გადაცემაში „60 წუთი“ ჟურნალისტის ლესლი შტალის შეკითხვაზე, „ღირდა თუ არა ჩატარებული სამხედრო ოპერაცია მილიონნახევარი ერაყელი ბავშვის სიცოცხლედ“, ოლბრაიტმა მკვახედ მოუჭრა და თამამად განაცხადა, რომ „მძიმე არჩევანის მიუხედავად, რომლის წინაშეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოჩნდა, მსხვერპლმა მაინც გაამართლა“. მართალია, მოგვიანებით დიპლომატმა ბოდიში მოიხადა საკუთარი განცხადებისთვის, მაგრამ ჟურნალისტების მტკიცებით, მისმა თავის მართლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სინანული ყალბი იყო და მხოლოდ მოჩვენებითი.
1998 წლის 23 იანვარს ბილ კლინტონის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილმა ოლბრაიტმა საჯაროდ დადო ფიცი და პირველი ქალი გახდა ამერიკის ისტორიაში მეტად საპასუხისმგებლო პოსტზე.
როგორც მოგვიანებით თავად ოლბრაიტმა აღნიშნა საკუთარ მემუარებში, „სწორედ იმ დღეს მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ყოველთვის თავდადებით იბრძოლებდა, რათა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაეცვა საკუთარი ქვეყნის ინტერესები და აღემართა მისი დროშა“, ამასთანავე, სახელმწიფო მდივანი დარწმუნებული იყო, რომ „ამერიკის მთავარ მისიას მსოფლიო ისტორიის შეცვლა წარმოადგენდა მისივე ინტერესებისა და იდეალების შესაბამისად“, ამიტომ ყოველთვის სინდისის ქენჯნის გარეშე ამართლებდა სამხედრო ძალის გამოყენებას. სხვათა შორის, ოლბრაიტმა არა მხოლოდ შეერთებული შტატების აქტიურ, შეტევით საგარეო პოლიტიკას და მსოფლიო ლიდერობისთვის ბრძოლას დაუჭირა მხარი, არამედ ნატოში მისი როლის გაძლიერებას და ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხარჯზე ალიანსის გაფართოებასაც მიემხრო.
1998-1999 წლის კოსოვოს კრიზისის დარეგულირებისას ოლბრაიტმა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას მიანიჭა უპირატესობა. პოლიტოლოგთა ნაწილის მტკიცებით, სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნით განხორციელდა იუგოსლავიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, რამაც ეროვნულ ჯარს კოსოვოს ტერიტორიის დატოვება აიძულა, თავად ავტონომიური მხარე კი, ნატოს კონტროლის ქვეშ გადავიდა. აღსანიშნავია, რომ „რკინის ქალბატონის“ მოთხოვნას არც შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველმა სენდი ბერგერმა, არც თავდაცვის მინისტრმა უილიამ კოენმა არ დაუჭირეს მხარი, რომელთაც მკაცრად გააკრიტიკეს სერბეთის დაბომბვა, თუმცა ბილ კლინტონმა სწორედ ოლბრაიტის მოსაზრება გაიზიარა, რომელმაც „რკინის ლედის“ შემდეგ, ახლა უკვე „სერბების ჯალათის“ სახელი შეიძინა.
2001 წელს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შემდეგ ოლბრაიტმა, რომელიც 64 წლის ასაკშიც საკმაოდ მხნედ გრძნობდა თავს, დამსახურებული პენსიის გამოყენების ნაცვლად აქტიურად გააგრძელა პოლიტიკური საქმიანობა და ჯერ შეერთებული შტატების საერთაშორისო ურთიერთობების ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს ჩაუდგა სათავეში, რომლის მთავარ მიზანს მესამე მსოფლიოს ქვეყნებში დემოკრატიის განვითარება წარმოადგენს, მერე ნატოს ექსპერტთა ჯგუფი, ე.წ. „ბრძენთა საბჭო“ ჩაიბარა და ალიანსის სტრატეგიული კონცეფციის შემუშავებას შეუდგა, 2016 წელს კი, პრეზიდენტობის კანდიდატს ჰილარი კლინტონს გაუწია კონსულტაცია და ისევ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტს დაუბრუნდა, სადაც გარდაცვალებამდე (2022 წლის 23 მარტამდე) უზიარებდა სტუდენტებს მდიდარ დიპლომატიურ გამოცდილებას.
ოლბრაიტის უნიკალურ თავისებურებად იქცა სიმბოლური მნიშვნელობით დატვირთული ბროშების ტარება, რომლებიც ერთგვარი გზავნილის ფუნქციას ასრულებდნენ საზოგადოებისთვის. სხვათა შორის, 2009 წელს ოლბრაიტმა საკუთარი ბროშები ნიუ-იორკის დიზაინისა და გამომსახველობითი ხელოვნების მუზეუმში გამოფინა და მართალია, შთამბეჭდავი კოლექციას არც მხატვრული, არც საიუველირო ღირებულება არ ჰქონდა, მაგრამ პუბლიკის ყურადღება მაინც დაიმსახურა.
ემპათიას და თანაგრძნობას მოკლებულმა ოლბრაიტმა, რომელიც ყოველთვის იშვიათი სიმკაცრითა და პირდაპირობით გამოირჩეოდა, კარგად იცოდა, რომ დიპლომატიურ სამსახურში არასდროს ფასდებოდა საკუთარი აზრის გამოთქმა და ოპონენტის მიმართ გულწრფელი დამოკიდებულების გამოხატვა, ამიტომ „რკინის ლედიმ“ ქალური უპირატესობით ისარგებლა და ახალი - „ბროშების დიპლომატიური ენა“ გამოიგონა.
1994 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოლბრაიტი უჩვეულო გულსაბნევით - ხმალზე შემოხვეული გველით გამოცხადდა, რომელიც ერთგვარ პასუხად იქცა ერაყული პრესის შენიშვნაზე, რომელმაც ამერიკელ დიპლომატს „შეუდარებელი გველი“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ოლბრაიტის კოლექცია მეტწილად ცხოველებისა და მწერების გამოსახულებებისგან შედგებოდა. მაგალითად, უღიმღამო და უშედეგო მოლაპარაკებას ლოკოკინა სიმბოლიზირებდა, მოთმინება კუს ბროშით გამოიხატებოდა, სასიამოვნო გარემო კი, პეპლებით ან საჰაერო ბურთებით აღინიშნებოდა. ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ირთან შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა ამერიკის დროშა მოირგო, ნელსონ მანდელას კი, აფრიკის სიმბოლოდ ქცეული ზებრას გულსაბნევით შეხვდა.
ოლბრაიტის საყვარელ ბროშზე, რომელსაც სხვებზე ხშირად ირგებდა, თავისუფლების ქანდაკების ფოლადის თავი იყო გამოსახული, რომელსაც თვალების ნაცვლად ერთი ჩვეულებრივი, მეორე ამოტრიალებული მცირე ზომის საათი ჰქონდა ჩასმული. უჩვეულო სამშვენისს საკმაოდ პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა, რადგან დროის გაგება მადლენთან ერთად, მის ოპონენტსაც ყოველთვის შეეძლო.