მართალია, ბრიტანელი მუსიკოსი იმ იშვიათი ავტორების რიცხვს მიეკუთნება, ვინც ერთნაირ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც მელოდიას, ისე სიმღერის ტექსტს, მაგრამ საუკეთესო მუსიკად მაინც სიჩუმეს მიიჩნევს, რადგან მედიტაციის მოყვარულისთვის სწორედ მდუმარებაა საჭირო საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და სულიერ სამყაროზე კონცენტრირებისთვის. სიჩუმის სიყვარულის მიუხედავად, „გრემის“ 17-გზის ლაურეატმა სტინგმა პრემიების მეტად სოლიდურ კოლექციას მოუყარა თავი - „ემის“, „ოქროს გლობუსის“ და „ოსკარის“ ოთხი ნომინაციის ჩათვლით, რომელიც საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში დაიმსახურა.
მუსიკოსისთვის, რომელსაც სინამდვილეში გორდონ მეთიუ სამნერი ჰქვია, იმდენად ბუნებრივი და ახლობელია სტინგის ფსევდონიმი, რომ საერთოდ დაივიწყა ნამდვილი სახელი. „მეგობრები, მეუღლე და შვილები სტინგს მეძახიან, დედაც კი, სტინგს მეძახდა, გორდონი კი, იმდენად უცხოა, რომ ზოგჯერ სხვისი სახელი მგონია“, - აღნიშნა მუსიკოსმა, რომელმაც სოლო კარიერის დაწყებამდე შეიძინა ორიგინალური ფსევდონიმი, როცა ერთ-ერთ კონცერტზე ყვითელ და შავ ზოლებში გაწყობილი მაისურით წარსდგა პუბლიკის წინაშე და სწორედ ფუტკართან მსგავსების წყალობით დაიმსახურა „ნესტარის“ ზედმეტსახელი. მართალია, იმავე ფსევდონიმით ცნობილი რესლერი სტივ ბორდენიც სარგებლობდა, რომელიც ოფიციალურ უფლებასაც კი ფლობდა მასზე, მაგრამ სტინგმა სოლიდური თანხის სანაცვლოდ გამოისყიდა უფლება და სახელის ერთპიროვნული მფლობელი გახდა.
სხვათა შორის, სტინგი ჰქვია მეტად იშვიათ - ბრაზილიური ხის ბაყაყის სახეობასაც, რომელმაც მსგავსი პატივი მუსიკოსის ბრაზილიაში სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა, როცა ტროპიკული ტყეების გაჩეხით შეწუხებულმა სტინგმა სპეციალური ფონდი დააარსა და უსასყიდლოდ უსახსოვრა საკუთარი სახელი გადაშენების ზღვარზე მისულ ამფიბიას. მუსიკოსის სახელი - The Sting: Mini Signature Edition შეიძინა გიტარამაც, რომელიც თავად სტინგის აქტიური მონაწილეობით, თუმცა შეზღუდული ტირაჟით - მხოლოდ 100 ცალად დამზადდა.
ორი ქორწინებიდან მუსიკოსს ექვსი შვილი ჰყავს. უფროსი - ელიოტ პაულინა, რომელიც „კოკოს“ ზედმეტსახელით გაიცნო მუსიკალურმა სამყარომ, ჯგუფის I Blame Coco-ს ლიდერია. როგორც ჩანს პაულინამ მემკვიდრეობით მიიღო მამისგან მუსიკალური ნიჭი, რადგან საკმაოდ ადრე - 15 წლის ასაკში დაიწყო მუსიკის წერა, 17 წლისამ კი სადებიუტო ალბომი The Constant გამოუშვა.
აღსანიშნავია, რომ დიდი სიყვარულის მიუხედავად, შვილები ცენტსაც ვერ მიიღებენ შეძლებული მამის 300-მილიონიანი ქონებიდან. მსგავსი გადაწყვეტილება თავად სტინგმა მიიღო, რაც ისევ მათზე ზრუნვით ახსნა, როცა დანაშაულად მიიჩნია შვილების ზედმეტად განებივრება და გაზულუქებულ უსაქმურებად აღზრდა.
სტინგის უბერებელი ჰიტი Roxanne, რომელიც 1997 წელს შეიქმნა, თუმცა დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას, სინამდვილეში მეძავის სიყვარულს მიეძღვნა. მართალია, მუსიკოსს არასდროს განუცდია მსგავსი გრძნობა, მაგრამ ისტორია - თითქოს კლუბში, საკუთარ კონცერტზე მიმავალმა „წითელი ფარნების“ კვარტალში გაიცნო მეძავი, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა, მაინც შთამბეჭდავი და მეტად ემოციური აღმოჩნდა.
სავიზიტო ბარათად ქცეული კომპოზიცია Every Breath You Take, სტინგმა პირველ ცოლთან ფრენსის ტომელტისთან დაშორების შემდეგ დაწერა. მართალია, სიმღერას „ეჭვიანობასა და მესაკუთრეობაზე“ მუსიკოსმა პირქუში, ნაკლებად სასიამოვნო უწოდა, მაგრამ მელომანებმა სასიყვარულო ჰიტად აქციეს, რითაც ძალიან გააკვირვეს თავად ავტორი, „ძალიან მომწონს სიმღერის ორაზროვნება, რადგან საშინლად პესიმისტური ტექსტის მიუხედავად, მაინც კლასიკური პოპ-ბალადის სტილში სრულდება და სწორედ ამგვარი ინტერპრეტაცია მახალისებს ყველაზე მეტად“, - აღნიშნა მუსიკოსმა, რომელიც ყოველთვის ინტერესით უსმენს საკუთარ სიმღერებს კოლეგების შესრულებით.
ახალი სიცოცხლე კომპოზიციამ 1997 წელს შეიძინა, როცა ცნობილმა რეპერმა Puff Daddy-მ თრეკი I'll Be Missing You ჩაწერა სტინგის ჰიტის ჰარმონიისა და მისამღერის გამოყენებით. სიმღერის წარმატებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან არა მხოლოდ რამდენიმე კვირით შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია ამერიკულ ჩარტში, არამედ თავად სტინგსაც სოლიდური შემოსავალი მოუტანა, რომელმაც სწორედ საავტორო გადარიცხვით დაფარა შვილების უნივერსიტეტში სწავლის საფასური.
2010 წელს მუსიკოსი ამერიკული მუსიკის ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა, კომპანიის Broadcast Music, Inc-ის ორგანიზებულ ცერემონიაზე კი, პირველ რიგში სწორედ მისი Every Breath You Take აღინიშნა, რომელიც იმავე BMI-ის მონაცემებით, 27 წლის მანძილზე სულ მცირე 10 მილიონჯერ გაჟღერდა ამერიკული რადიოსადგურების ეთერში.
აღსანიშნავია, დღეს უკვე საკულტო რეჟისორი გაი რიჩი 1990-იანი წლების ბოლოს სწორედ სტინგის მეუღლემ, ცნობილმა პროდიუსერმა ტრუდი ტაილერმა აღმოაჩინა, როცა გარისკა და მისი სადებიუტო ფილმი „ბანქო, ფული, ორი ლულა“ დააფინანსა, თავად სტინგმა კი, ეპიზოდური როლი შეასრულა მის ნამუშევარში. ამასთანავე, სწორედ სტინგის დამსახურებით გაიცნო რიჩიმ მომავალი მეუღლე - მადონა, მოგვიანებით კი, მასვე მოანათვლინა საკუთარი შვილი გაი როკო.
ერთობლივი პროექტების მოყვარულმა სტინგმა, არა მხოლოდ კოლეგებთან - როდ სტიუარტთან, ფილ კოლინზთან, კრეიგ დევიდთან და ნიკოლ შერზინგერთან თანამშრომლობით შექმნა საინტერესო ნამუშევრები, არამედ ამერიკელ მსახიობთან რობერტ დაუნი-უმცროსთან ერთადაც ჩაწერა კომპოზიცია For Once In My Life სერიალისთვის „ელ მაკბილი“, რომელშიც დაუნიმ მთავარი როლი, სტინგმა კი, კამეო შეასრულა და საკუთარი თავი განასახიერა.
2000 წელს მუსიკოსმა ტოსკანაში შეიძინა მიწის ნაკვეთი, სადაც 28 ჰექტარზე გააშენა ვენახი და აქტიურად შეუდგა საკუთარი ღვინის წარმოებას. დღეს მარანი Tenuta Il Palagio ღვინის ოთხ სახეობას უშვებს, რომელთაც მუსიკოსის სიმღერების - Sister Moon, When We Dance, Casino delle Vie და Message in a Bottle პატივსაცემად შეიძინეს სახელი. სხვათა შორის, 2016 წელს სტინგის Sister Moon საუკეთესო წითელ ღვინოდ დასახელდა იტალიაში.
სტინგი, რომელიც ახლობლების განცხადებით „უბრალოდ შეშლილია ჯანსაღი ცხოვრების წესზე“, აქტიურად მისდევს სპორტს და ძალიან მოსწონს იოგას ვარჯიშები, მხოლოდ ვეგეტარიანულ კერძებს მიირთმევს და სწორედ რთული, თუმცა მეტად სასარგებლო რეჟიმის დაცვით ინარჩუნებს 71 წლის ასაკში ბრწყინვალე ფიზიკური ფორმას და ახალგაზრდული მხნეობას.