საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება, კერძოდ, გასულ 24 საათში ნავთობის ფასი თითქმის 3%-ით შემცირდა და ბარელი Brent-ის ღირებულება 79 დოლარამდე დაეცა; რაც შეეხება რუსულ ნავთობს, Urals-ის ფასი ბოლო სავაჭრო სესიაზე 7.5%-ით, 57-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა. ამის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები კი დიდი შვიდეულის მიერ დაწესებული ფასის ლიმიტი და EU-ს ემბარგოა.
5 დეკემბრიდან ევროკავშირის ბაზარზე საზღვაო გზით რუსული ნავთობის იმპორტი აიკრძალა, დიდი შვიდეულის წევრმა სახელმწიფოებმა კი ფასის 60-დოლარიანი ლიმიტი დააწესეს, შესაბამისად, რუსეთი დასავლურ ბაზარზე ნავთობს ამ ფასზე უფრო ძვირად ვეღარ გაყიდის. დასავლური ბაზრების დაკარგვის შემდეგ, რუსეთს სავაჭრო პარტნიორებად ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი რჩება, რომლებიც ბარელ Urals-ში 60 დოლარზე გაცილებით უფრო იაფის გადახდას აპირებენ. ერთწლიან ჭრილში კი რუსული ნავთობის ბენჩმარკი 23%-ითაა გაუფასურებული.