Balenciaga-ს სადღესასწაულო კამპანიამ, რომლის გამოც ბრენდი ბავშვების სექსუალიზებაში დაადანაშაულეს, საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ დემნას Global VOICES-ის ჯილდო აღარ გადაეცემა.
BoF-ის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ Balenciaga-ს ახალ კამპანიაში ბავშვების გამოჩენა მათ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მიუხედავად იმისა, რომ დემნას ჯილდო აღარ გადაეცემა, BoF-მა დაჯილდოებაზე Balenciaga-ს წარმომადგენლები მაინც მიიწვია, რათა ახალი კამპანიის ფოტოების შესახებ ახსნა-განმარტება გაეკეთებინათ. Balenciaga-ს წარმომადგენლებმა კი მიწვევაზე უარი განაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ Balenciaga-ს უახლესმა სადღესასწაულო კამპანიამ საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა, ვინაიდან ბრენდის საჩუქრების მაღაზიის კამპანიაში ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობდნენ, ხოლო დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა ეცვათ, რაც ბევრისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება.
Balenciaga-მ აღნიშნული კამპანიის გამო ბოდიში რამდენჯერმე მოიხადა და დაწერა: "გულწრფელად გიხდით ბოდიშს ნებისმიერი შეურაცხყოფისთვის, რომელიც ჩვენმა სადღესასწაულო კამპანიამ გამოიწვია. ჩვენი სათამაშო დათვების ჩანთები კამპანიაში ბავშვებთან ერთად არ უნდა გამოჩენილიყო. კამპანია ყველა პლატფორმიდან დაუყოვნებლივ წავშალეთ".
დიზაინერმა განცხადება საკუთარ ინსტაგრამგვერდზე გაავრცელა და ბოდიში კიდევ ერთხელ მოიხადა
"მინდა, პირადად მოვიბოდიშო არასწორი შემოქმედებითი გადაწყვეტილების მიღების გამო — საჩუქრების კამპანიის კონცეფციაში ბავშვების მონაწილეობისთვის. საკუთარ პასუხისმგებლობას ვიაზრებ. შეუსაბამო იყო ბავშვების მიერ იმ ნივთების პოპულარიზაცია, რომელთაც მათთან საერთო არაფერი აქვთ.
"რამდენადაც მე ხანდახან ვცდილობ, ჩემი შემოქმედებით რაიმეზე დაფიქრებისკენ მოვუწოდო ადამიანებს, გამიზნულად ამას არასდროს გავაკეთებდი ისეთი საშინელი თემით, რასაც ბავშვზე ძალადობა ჰქვია — ამას ვგმობ. მორჩა.
"მე ამისგან უნდა ვისწავლო. უნდა მოვუსმინო და დავუკავშირდე ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებს, რათა გავიგო, როგორ შემიძლია მათ დავეხმარო ამ შემზარავ პრობლემასთან გამკლავებაში.
"ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო კამპანიის გამო. ბალენსიაგა უზრუნველყოფს, რომ არა მხოლოდ სათანადო ზომები იქნას მიღებული სამომავლოდ მსგავსი შეცდომის თავიდან ასაცილებლად, არამედ, რითაც შეგვიძლია, ვიზრუნოთ კიდეც ბავშვთა კეთილდღეობის დაცვაზე".