ჰოლანდიურმა ავტომწარმოებელმა, Lightyear-მა, რომელიც უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში მსოფლიოში პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის ტექნოლოგიებს იკვლევდა, ავტომობილი საბოლოო, წარმოების ეტაპზე გადაიყვანა. კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, Lightyear 0-ის წარმოება საბოლოოდ დაიწყო და ის დღის სინათლეს სულ მალე იხილავს.
Lightyear-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის განმარტებით, ბრენდის მიერ შექმნილი პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი დამტენ ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული საერთოდ არ იქნება. ავტომობილი ელემენტების სრულად დამუხტვის შემთხვევაში 463 კილომეტრის გავლას შეძლებს. თუმცა, მზის პანელების დახმარებით ავტომობილს ამ მანძილის 700 კილომეტრამდე გაზრდა შეეძლება. მზის პანელებთან ერთად, Lighyear 0-ის დამუხტვა სადენის დახმარებითაც იქნება შესაძლებელი. ავტომწარმოებლის დათვლებით, ავტომობილით საშუალო სტატისტიკურად სარგებლობისას, მზის პანელების დახმარებით, Lightyear 0-ს დამუხტვა 2 თვეში ერთხელ დასჭირდება.