სარკე - ზოგიერთი მეცნიერის აზრით, საკუთარი გამოსახულების დანახვის დაუცხრომელი სურვილი ევოლუციური პროცესების გავლენით გაგვიჩნდა. ამ ხედვის თანახმად, ჩვენ მბზინავი ძვირფასი ქვები და საგნები იმიტომ გვხიბლავენ, რომ ისინი ჩვენში სიცოცხლის წყაროს - წყლის ასოციაციას იწვევენ. კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული 2003 წლის კვლევის მიხედვით, ახალშობილებისთვისაც კი ბრჭყვიალა თეფშები გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე სხვა, უბრალო საგნები.ზუსტად არავინ იცის, როდის შეძლეს ადამიანებმა თავიანთი გამოსახულების პირველად დანახვა. თუმცა ამ მომენტის წარმოდგენას ბევრი შეეცადა. ჩვენც ყველას გვრჩება თვალი ვერცხლზე, წყალზე თუ შუშაზე არეკლილ საკუთარ გამოსახულებაზე. მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გამოვიყურებით. ეს განსაზღვრავს ჩვენი კარიერული და პირადი ცხოვრების ტრაექტორიასაც კი. საკუთარი თავის დანახვის შესაძლებლობა და იმის გაცნობიერება, თუ როგორ გვხედავენ გარშემომყოფები, არსებობისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ალბათ ამიტომაა, რომ სარკე უკვე დიდი ხანია, რაც ჯადოქრობასთან ასოცირდება. მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში სარკეების შესახებ განსხვავებული მითები არსებობს. ერთი წყაროს თანახმად, ძველბერძენები სარკეს მთვარის შუქის დასაჭერად იყენებდნენ, რის შედეგადაც მომავლის დანახვა იყო შესაძლებელი. რომში კი არსებობდნენ მისნები, რომლებსაც დაორთქლილ სარკეში მომავლის სურათების დანახვა შეეძლოთ.
ამ მნიშვნელოვანი ნივთის უპირველესი დანიშნულება ჩვენი გარეგნობის ზუსტი ასახვა იყო, თუმცა თანდათან სხვადასხვა ისტორიებით მას ცოტა მისტიკური ძალაც მიეწერა. გადმოცემით ვიცით რომ პირველი ზედაპირი სადაც ადამიანი საკუთარ ანარეკლს ხედავდა, სავარაუდოდ წყალი იყო. ეს ამბავი ნარცისის ლეგენდაშიც კი არის აღწერილი. ამა თუ იმ მასალის ათვისებასთან ერთად გამოჩნდა რკინა, მინერალური ქვები და სხვა ბუნებრივი საშუალებები, რომელთა გაპრიალების შემთხვევაში გამოსახულების ანარეკლი უფრო გამოიკვეთა. პირველი სარკეები, რომლებიც მცირე ზომის იყო სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI ათასწლეულში გაჩნდა. ისინი მზადდებოდა შუშისებრი შავი ობსიდიანისგან, ვულკანური წარმოშობის ქვისგან. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს პატარა მეტალის, ოქროს და პლატინის სარკეებიც, რომლებიც ბრინჯაოს ხანას ეკუთვნოდა.
გაპრიალებული სპილენძის სარკეებს ამზადებდნენ მესოპოტამიაში ძვ. წ. 4000 წლიდან, და ძველ ეგვიპტეში დაახლოებით ძვ. წ. 3000 წლიდან. ბრინჯაოს ხანაში კულტურების უმეტესობა იყენებდა ბრინჯაოს, სპილენძის, ვერცხლის ან სხვა ლითონის გაპრიალებული დისკებისგან დამზადებულ სარკეებს. ჩინეთში, ცნობილია რომ სარკეებს ბრინჯაოსგან ამზადებდნენ. ბერძნულ-რომაულ ანტიკურ ხანაში და მთელ შუა საუკუნეებში ევროპაში ლითონის სარკეები ნორმად ითვლებოდა. რომის იმპერიის დროს ვერცხლის სარკეები ფართოდ გამოიყენებოდა მსახურების მიერ.
სარკეების თანამედროვე ისტორია XIII საუკუნიდან იწყება, კერძოდ კი — 1240 წლიდან, როდესაც ევროპაში მინის ჭურჭლის მზადება ისწავლეს. ნამდვილი მინის სარკის დამზადება 1279 წელს მოხდა, როდესაც იტალიელმა ბერმა - ჯონ პეკამ აღწერა მინის მეტალის თხელი ფენით დაფარვის მეთოდი. პირველი სარკე არ ყოფილა სრულყოფილი: ჩაზნექილი ნაწილები ოდნავ უსწორმასწორო გამოსახულებას იძლეოდა, თუმცა უფრო ნათელი და სუფთა იყო. XIII საუკუნეში ნიდერლანდებში დაეუფლნენ სარკეების დამზადების კუსტარულ ტექნოლოგიებს. მათ მოყვა ფლანდრია და გერმანელი ხელოსნების ქალაქი ნიურნბერგი, სადაც 1373 წელს წარმოიქმნა პირველი სარკის ქარხანა. ევროპაში ლითონისგან დამზადებული სარკეების შუშის სარკეებით მასობრივად ჩანაცვლება მხოლოდ 1400-იანი წლებიდან დაიწყო. კარგად დამუშავებული პირველი მოდელები ვენეციის ლაგუნაში მდებარე კუნძულ მურანოზე იქმნებოდა. მეცამეტე საუკუნიდან მოყოლებული ვენეცია მინის მწარმოებელ ქალაქად იქცა. აქაურობა მთელი ევროპიდან იზიდავდა ნიჭიერ ხელოსნებს, რომლებსაც როგორც ხელოვანებს, ისე ეპყრობოდნენ.
სარკეების დამზადებაში რევოლუცია გერმანელმა ქიმიკოსმა იუსტუს ფონ ლიბლიხმა მოახდინა 1835 წელს, რომელმაც ვერცხლის გამოყენება დაიწყო უფრო მკვეთრი გამოსახულების მისაღებად. მისი სველი დეპონირების პროცესი მოიცავდა მეტალის ვერცხლის თხელი ფენის დეპონირებას მინაზე ვერცხლის ნიტრატის ქიმიური შემცირების გზით. ეს ვერცხლის პროცესი ადაპტირებული იყო მასობრივი წარმოებისთვის და განაპირობა სარკეების ხელმისაწვდომობა. ეს ტექნოლოგია, პრაქტიკულად ცვლილებების გარეშე გამოიყენება დღემდე. საფრანგეთში სამეფო ინიციატივით დაარსებული Saint-Gobain-ის ქარხანამ მნიშვნელოვანი მწარმოებელი შექმნა ქვეყნისთვის და არა მარტო.
ხშირ შემთხვევაში, როცა რაიმე ნივთი ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება, ის ძველ მიმზიდველობას კარგავს. მაგრამ სარკეებს ჩვენზე მომაჯადოებელი ზეგავლენა დღემდე აქვთ. ჩვენ კვლავ გვსურს მათში ჩვენი გამოსახულების დანახვა ან მომავლის განჭვრეტა. თუმცა მათდამი მოწიწებული დამოკიდებულება ნამდვილად დაიკარგა. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ სარკე დაგებული მახეა, მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ ის საბრძოლო იარაღიცაა იმ სამყაროსთან გასამკლავებლად, რომელიც სილამაზის ნორმებს თვითნებურად აწესებს და სჯის მას, ვინც მის ჩარჩოებში არ მოექცევა. ისინი საზოგადოების შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდიან, ვიდრე - ცალკეულ ინდივიდებზე. და ის, რასაც ისინი გვიჩვენებენ, მიმზიდველი ყოველთვის ნამდვილად არაა. სარკე საიდუმლოებით, ცდუნებითა და შიშით მოცული ნივთია. ისტორიის მანძილზე ისინი საკრალურ მიზნებსაც ემსახურებოდნენ. მათი დამზადების ტექნოლოგია წარსულში საიდუმლოდ ინახებოდა და მისი გამჟღავნებისთვის ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ. ის კარგა ხანს ფუფუნების საგანი იყო, რომლით სარგებლობაც მხოლოდ მდიდრებსა და ძლევამოსილებს შეეძლოთ. დღეს კი ჯიბესა თუ ჩანთაში პატარა სარკე ლამის ყველას მოგვეპოვება. და, თუ ის სახლში დაგვრჩება, შეგვიძლია, მისი ფუნქცია მობილური ტელეფონის ეკრანს შევასრულებინოთ.