ერთ წევრ სახელმწიფოს ვერ მივცემთ საშუალებას უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება ჩაშალოს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“წევრი სახელმწიფოები მუშაობენ, რათა გარანტირებული იყოს ამ სახსრების უკრაინისადმი გადაცემა უკვე იანვარში. უკრაინა ომის მდგომარეობაშია და სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. ჩვენ არ შეგვიძლია ერთ წევრ სახელმწიფოს ევროკავშირის ფინანსური დახმარების გადადებისა ან ჩაშლის უფლება მივცეთ. ამას გავაკეთებთ, ასე თუ ისე”, - თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
დომბროვსკისის თქმით, გამოსავლის ძიებაზე მუშაობა უახლოეს დღეებში გაგრძელდება და ევროკავშირის შეასრულებს უკრაინისადმი მიცემულ პირობებს. გამოსავლის შესაძლო ვარიანტებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ევროკომისიამ ისინი უკვე განსაზღვრა.
“ეს ორი ვარიანტია - სესხების გარანტირება შეიძლება ევროკავშირის ბიუჯეტიდან იყოს, ან ეს შეიძლება წევრი სახელმწიფოების გარანტიები იყოს. ეს ორი შესაძლებლობაა”, - თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
სხდომაზე კენჭი ეყარა ევროკავშირის ეკონომიკურ კანონმდებლობაში სამ შესწორებას, რომლებიც შესაძლებელს გახდის უკრაინისთვის აღნიშნული სახსრების გადაცემას.
სხდომის განმავლობაში უნგრეთმა პირველი შესწორება დაბლოკა, რომელსაც ერთსულოვანი გადაწყვეტილება სჭირდებოდა. ამავდროულად, მიღებულ იქნა ორი დანარჩენი ცვლილება, რომლებსაც კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდებოდა.
დომბროვსკისი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში იპოვის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რათა 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების უკრაინისადმი გადაცემა უკვე 2023 წლის იანვარში დაიწყოს.