საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო EastFruit-ის ანალიტიკოსები ქართული თხილის ექსპორტს სწავლობენ. ნოემბერში ქვეყანამ 13 მილიონი დოლარის პროდუქტი გაიტანა ექსპორტზე, რაც ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ნოემბრის მონაცემები. თუმცა არის მცირე პოზიტიური ცვლილებაც: თუ მაგალითად, 2022 წლის აგვისტო-ოქტომბერში ექსპორტის ღირებულება გასული წლის ფასს 30-70%-ით ჩამორჩებოდა, ახლა სხვაობა 17%-მდე შემცირდა.
კვლავ მაღალია მოთხოვნა ნაჭუჭუან თხილზე და საერთო მოგების 30% სწორედ მასზე მოდის. პროდუქტის 90% ექსპორტზე იტალიაში გადის. თხილის გულების ექსპორტის მოცულობა ოქტომბერთან შედარებით 1880 ტონიდან 2022 ტონამდე გაიზარდა, თუმცა 2021 წლის ნოემბრის მაჩვენებელს ის 6%-ით ჩამორჩება. ბოლო სამი თვის განმავლობაში ექსპორტის საშუალო წლიური კლება 40%-ს შეადგენდა, ამიტომ ნოემბერში ასეთი მცირე ჩავარდნა, შესაძლოა, გაუმჯობესებად ჩაითვალოს.
რაც შეეხება თხილის გულის საექსპორტო ღირებულებას, კილოგრამის ფასი 4 დოლარი და 80 ცენტია. გასული წლის ნოემბერში კი ფასი 5 დოლარსა და 70 ცენტს შეადგენდა. წელს თხილის გული ჩვენგან გერმანიამ, იტალიამ და სომხეთმა შეიძინეს.