საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2 მილიარდ 800 მილიონ დოლარს ედავებიან. 2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით, საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა ლარში 7 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. აქვე ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და დაკავშირებულია მსხვილ პროექტებთან, მხარეებისთვის გათვალისწინებულია კონფიდენციალურობის ვალდებულებები. შესაბამისად, თუ ეს მხარეთა ინტერესში არ შედის, ასეთი დავების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაცია ცნობილი არ ხდება.
თუმცა, ფინანსთა სამინისტრო ამავე ანგარიშში ამბობს, რომ ძალიან ხშირად შეთანხმება მიიღწევა ისეთ თანხაზე, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველ მოთხოვნასთან შედარებით. ასევე, სახელმწიფომ შესაძლოა მოამზადოს შემხვედრი სარჩელი და მოიპოვოს გამარჯვება შესაბამისი კომპენსაციით.
რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღდეგ წარმოებული დასრულებელი დავების სტატისტიკას, როგორც ანგარიშიდან ირკვევა სულ დასრულებულია 4 დავა, აქედან უწყების ცნობით, 2 დავა დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით, 1 დავა - სახელმწიფოს ნაწილობრივი გამარჯვებით (თითოეულ მხარეს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა), 1 დავა კი დასრულდა მოსარჩელის გამარჯვებით.