ინდიანა ჯონსის თავგადასავლები გრძელდება — 2023 წლის 30 ივნისს უკვე ახალი, მეხუთე ფილმის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ ფანებს. ფილმს Indiana Jones and the Dial of Destiny ჰქვია და უკვე მისი ტრეილერიც ხელმისაწვდომია მაყურებლისთვის.
მეხუთე ფილმში, რა თქმა უნდა, ისევ ვიხილავთ ლეგენდარულ ჰარისონ ფორდს, რომელიც არქეოლოგი ინდიანა ჯონსის როლს შეასრულებს. მაყურებელი ასევე ძალიან გაახარა ტრეილერში ფიბი უოლერ-ბრიჯის გამოჩენამაც, რომელიც ცნობილია პოპულარულ სერიალში Fleabag მთავარი როლის შესრულებით. Indiana Jones and the Dial of Destiny-ზე მომუშავე არაჩვეულებრივ მსახიობებს შორის ანტონიო ბანდერასი და მედს მიკელსენიც არიან, რაც განსაკუთრებულად საინტერესო ფილმს გვპირდება.
როგორც ჩანს ჰარისონ ფორდიც ასევე ფიქრობს; მისი თქმით, ეს კინოპროექტი არაჩვეულებრივი იქნება:"მეამაყება, რომ შემიძლია, ვთქვა, ეს ფილმი ფანტასტიკურია და ესაა ამის ერთ-ერთი მიზეზი," — ამ სიტყვების შემდეგ ფორდმა ფიბი ოულერ-ბრიჯისკენ მიუთითა.
"ინდიანა ჯონსის ფილმები საიდუმლოებებითა და თავგადასავლებითაა სავსე, მაგრამ ისინი ადამიანურ გრძნობებზეცაა,"— განაგრძო ფორდმა. —"ამიტომ ძალიან, ძალიან მიხარია, რომ გვაქვს ადამიანური ისტორია, რომელიც ყველა თქვენგანზე იმოქმედებს."
ამ განცხადების დროს ფორდმა ასევე მიანიშნა, რომ ეს მისი უკანასკნელი ფილმი იქნება ინდიანა ჯონსის როლში.