გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ესპანეთის ლიგა ენდესაში მორიგი გამარჯვება იზეიმა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.
ტენერიფემ ფუენლაბრადა მარტივად, ანგარიშით 97:72 დაამარცხა. მეტოქეთა შორის სხვაობა იმდენად დიდი იყო, რომ ქართველი ცენტრის დიდად დატვირთვა საჭირო არ გამოდგა. გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და 15 წუთსა და 32 წამში 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ტენერიფელთა რიგებში საუკეთესო ფინელი სასუ სალინი იყო, რომელმაც 6 სამქულიანი გამოიყენა და 21 ქულა მოაგროვა, ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა კი 17 ქულას 8 პასი წაამატა.
შერმადინის გუნდმა 10 ტურში 9 მოგება მოაგროვა და პირველ ადგილზე იმყოფება. ლენოვო ტენერიფე მომდევნო შეხვედრას 10 დეკემბერს ბადალონაში ხუვენტუტთან ჩაატარებს.