მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისმა სენეგალი 3:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე საფრანგეთს დაუპირისპირდება.
გუნდები თავიდან ძალიან ფრთხილობდნენ, რბილად რომ ვთქვათ, თამაში ვერ იყო ლამაზი სანახავი, პირველი მომენტი აფრიკელებმა შექმნეს, როდესაც სარმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. იქამდე ბურთი ბრიტანელ სტოუნზს საჯარიმოში ხელზე მოხვდა, თუმცა მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა. შემდეგი შანსი ისევ სენეგალს ჰქონდა, მაგრამ დიას დარტყმული ბურთი მეკარე პიკფორდმა მოიგერია. ინგლისი 39-ე წუთზე ჰენდერსონის გოლით დაწინაურდა, პირველი ტაიმის დასასრულს კი მენდის კარი კეინმაც დალაშქრა და საუთჰეითის გუნდმა სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.
შესვენების შემდეგ სენეგალმა ფაქტიურად წინააღმდეგობა შეწყვიტა, საკამ ანგარიში გაზარდა და ინგლისმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.