მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთმა პოლონეთი 3:1 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გავიდა მეოთხედფინალში.
შეხვედრის დასაწყისში პოლონელებმა სასტარტო შეტევები მოიგერიეს და თავად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე. მსოფლიოს ჩემპიონები სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ, განსაკუთრებით კი მბაპე აქტიურობდა. 38-ე წუთზე პოლონელებს რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ ჟელინსკის დარტყმული ბურთი ლორისმა მოიგერია, შემდეგ კი საფრანგეთი ერნანდესმა და ვარანმა გადაარჩინეს. პოლონელები შეხვედრის სტარტზე გაცილებით უკეთ თამაშობდნენ, ვიდრე წინა შეხვედრაში არგენტინასთან. თუმცა, პირველი ტაიმის დასასრულს მბაპემ ჟირუ შჩენსნისთან პირისპირ გაიყვანა და მან ამჯერად შანსი ხელიდან არ გაუშვა, რითაც მან 52-ე გოლი გაიტანა, ტიერი ანრის გაასწრო და საფრანგეთის ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
შესვენების შემდეგ ფრანგებმა მეტოქე საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს, ჟირუს გოლი მსაჯმა არ ჩათვალა, ხოლო 74-ე წუთზე მბაპემ მაინც გაიტანა, შეხვედრის ბედი გადაწყდა და მწვრთნელმა დეშამმა ჟირუს და დემბელეს დასვენების საშუალება მისცა - მათ ნაცვლად შეცვლაზე კომანი და ტურამი შეუშვა. კომპენსირებულ დროში მბაპემ დუბლი შეასრულა და 5 გოლით მიმდინარე ტურნირის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.
ბოლოს ფრანგების კარში პენალტი დაინიშნა, პირველ ცდაზე ლევანდოვსკიმ ვერ გაიტანა, მაგრამ დარტყმამდე ლორისმა კარი დატოვა და რობერტმა მეორე შანსი გამოიყენა.
ცნობისთვის, ანტუან გრიზმანმა ნაკრებში ზედიზედ 71-ე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ფრანგთა შორის რეკორდი დაამყარა. 35 წლის ლორისმა ნაკრებში 142-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ტურამთან ერთად რეკორდსმენია. ასევე აღსანიშნავია, რომ მბაპე გოლს+პასის სისტემით ტურნირის ლიდერია - მის ანგარიშზეა 5 გოლი და 2 საგოლე პასი.