„ენგურჰესმა“ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდებით საშუალოდ 30 მლნ ლარის შემოსავალი დაკარგა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშში უწყებას მოცემული აქვს სახელმწიფო საწარმოთა ფინანსურ მაჩვენებლებზე კვაზი-ფისკალური აქტივობების გავლენა. კვაზი-ფისკალურია აქტივობა, რომელსაც სახელმწიფო საწარმო ახორციელებს ცხადად, მთავრობის დავალებით ან ფარულად და ამ საქონლის/მომსახურების მიწოდებისთვის გადახდილი თანხა, საბაზრო ფასზე ან არსებულ პრაქტიკაზე დაბალია. უფრო რომ განვაზოგადოთ, კვაზი-ფისკალურია ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც მოგებაზე ორიენტირებული/კომერციული საწარმო არ განახორციელებდა. ასეთი აქტივობები ძირითადად ემსახურება სოციალურ და პოლიტიკურ მიზნებს. კვაზი-ფისკალური აქტივობის მაგალითია მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება საბაზრო ფასზე ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, ასევე, სახელმწიფო საწარმოში დასაქმებულთა შეუსაბამოდ დიდი რაოდენობა ან/და სახელფასო ფონდი.
"იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ ახდენს საწარმოებისთვის ასეთი ტიპის აქტივობების კომპენსირებას ბიუჯეტიდან, სახელმწიფო საწარმოებს თავად უწევთ კვაზი-ფისკალურ აქტივობებთან დაკავშირებული ტვირთის საკუთარ თავზე აღება, რაც აუარესებს მათ ფინანსურ შედეგებს,“- განმარტავს ფინანსთა სამინისტრო.
სამინისტროს ცნობითვე, არსებობს ფარული და ცხადი კვაზი-ფისკალური აქტივობები. უწყებამ მსგავსი აქტივობების იდენტიფიცირება, ანალიზი და გამოქვეყნება 2017 წლიდან დაიწყო. როგორც სამინისტროს ანგარიშში ვკითხულობთ, უკანასკნელი გამოცდილებით 3 საწარმოში იდენტიფიცირებულია ცხადი კვაზი-ფისკალური აქტივობები. თუმცა, ფარული კვაზი-ფისკალური აქტივობები გაცილებით დიდი მოცულობის უნდა იყოს. მათივე ცნობით, ფარული კვაზი-ფისკალური აქტივობის მაგალითია ჭარბი დასაქმება. 3 სახელმწიფო საწარმო, რომელთა ფინანსურ შედეგებზე კვაზი-ფისკალური აქტივობების გავლენა აქვს გაანალიზებული ფინანსთა სამინისტროს, არის: „ენგურჰესი“, „საქართველოს რკინიგზა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.
აქედან „ენგურჰესის“ შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებში, ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2021 წლის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის წილმა მთლიან გამომუშავებაში 45% შეადგინა.
ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ენგურჰესმა“ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდებით საშუალოდ 30 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა.