შესაძლოა, კაცობრიობა ფიზიკურად ჯერ მთვარეზე დაბრუნებული არ არის, თუმცა მთვარის ეკონომიკა უკვე ყვავის. Axios-ის ინფორმაციით, NASA-მ ოსტინში მდებარე ფირმა ICON-ს 57.2 მილიონი დოლარი გადაუხადა პროექტი Olympus-ის სანაცვლოდ, რომლის მიხედვითაც კომპანიამ 3D პრინტერის საშუალებით მთვარისათვის განკუთვნილი თავშესაფრები უნდა შექმნას.
ამავე ცნობებით, ICON თავის "მთვარის ქოხებს" NASA-ს 2026 წლისთვის მიაწვდის, თუ, რა თქმა უნდა, მისია Artemis-ის ვადები არ შეიცვლება. თუ მთვარე ადამიანების კოსმოსური ბაზა უნდა გახდეს, იქ გამძლე და მსუბუქი თავშესაფრის არსებობა აუცილებელი იქნება. ეს რეალობაა, რომლის მიღწევაც ICON-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯეისონ ბალარდს, ძალიან სურს.
ასევე იხილეთ: NASA-ში აცხადებენ, რომ ამ დეკადის მიწურულისთვის ადამიანები მთვარეზე იცხოვრებენ
"ზეწოლასა და პასუხისმგებლობას ნამდვილად ვგრძნობთ, ამას ხომ მხოლოდ ჩვენთვის არ ვაკეთებთ. ჩვენ კაცობრიობას სხვა სამყაროების შექმნის შესაძლებლობას ვაძლევთ. ამ კონტრაქტის საბოლოო შედეგი ადამიანის მიერ სხვა სამყაროში შექმნილი პირველი კონსტრუქცია იქნება, რაც უდიდესი მიღწევა უნდა იყოს", — განუცხადა ბალარდმა Axios-ს.
ICON-ს არქიტექტურის სფეროთი დაინტერესებული ადამიანები ხმელეთისთვის განკუთვნილი სტრუქტურებით კარგად იცნობენ, თუმცა ამჯერად კომპანია კოსმოსურ მშენებლობას შეეჭიდა. პროექტი Olympus თავდაპირველად 2020 წელს გაუშვეს და კომპანია გეგმავს, ერთ დღესაც 3D პრინტერით შექმნილ მარსის კოლონიაზე იმუშაოს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონსტრუქციების შექმნას ICON დედამიწური მასალებით არ აპირებს. კომპანიის მიზანია მთვარის თავშესაფრების შექმნა მთვარისვე მასალებისგან.
ბალარდის სიტყვებით, მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლოთ შენება მთვარის ბუნებრივი რეგოლითის საშუალებით, თუ შორეულ მომავალში მთვარეზე დიდი კოლონიების შექმნას ვაპირებთ, რადგან ყოველი ახალი კონსტრუქციის შესაქმნელად დედამიწიდან მასალის ტარება არაპრაქტიკული იქნება.