იუთუბზე ალბათ შეგხვედრიათ ვიდეო, თუ როგორ შემოატრიალა ჟიურის ოთხივე წევრი იტალიელმა მონაზონმა ცნობილ მუსიკალურ პროექტში The Voice. ალიშა კისის No One-ის შესრულებით კრისტინა სკუჩამ კონკურსის მწვრთნელების გარდა მილიონობით ადამიანის გულიც მოიგო — არა მხოლოდ იტალიაში, მის ფარგლებს გარეთაც. შესარჩევ ტურში მისი გამოსვლის ვიდეოს იუთუბზე ამ დროისთვის 110 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
კრისტინამ The Voice მოიგო და მონაზვნობის მიუხედავად, წარმატებული მომღერლის კარიერაც დაიწყო — ალბომი ჩაწერა და ის, მოგვიანებით, პაპ ფრანცისკესაც გადასცა.
ამ ყველაფრიდან 8 წლის შემდეგ კი სკუჩა ტელეეკრანებზე სულ სხვაგვარი იმიჯით გამოჩნდა და განაცხადა, რომ ეკლესია დატოვა. ახლა უკვე 34 წლის კრისტინას თქმით, იგი ამჟამად ესპანეთში მუშაობს მიმტანად.
"მიმაჩნია, რომ საკუთარი გულის ხმას უნდა მოუსმინო", — ამბობს ყოფილი მონაზონი, რომელიც ახლა მაკიაჟს და პირსინგსაც ატარებს, — "ცვლილება განვითარების ნიშანია. თუმცა, ის ყოველთვის გვიძნელდება, რადგან უფრო მარტივია, ფეხი აღარ მოიცვალო ერთი ადგილიდან, ვიდრე კითხვები დასვა".სკუჩა ჰყვება, რომ მონაზვნობის დატოვების გადაწყვეტილების მიღებაში ფსიქოლოგი დაეხმარა. თუმცა, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რწმენის და მუსიკისკენ მისწრაფების შეცვლას არ გულისხმობს.
"გადავწყვიტე, მეც ჩემი გულის ხმას მივყოლოდი და არ მეფიქრა, რას იტყოდა ხალხი", — ამატებს იგი.
წარმოშობით სიცილიელმა კრისტინამ, რომელიც The Voice-ში მონაწილეობისას მილანში მსახურობდა, თავის დროზე ჟიურის ყველა სხვა წევრზე მეტად ლეგენდარული რაფაელა კარა აღაფრთოვანა. კარამ, რომელიც გასული წელს გარდაიცვალა 78 წლის ასაკში, მაშინ განაცხადა, რამდენიმე წუთით ლაპარაკის უნარი საერთოდ წამერთვაო.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის შესარჩევ ტურში გამოსვლისას კრისტინას სხვა მონაზვნებიც გულშემატკივრობდნენ. აღფრთოვანებული გამოხმაურების მიუხედავად კი, სკუჩას მონაწილეობამ პროექტში კრიტიკაც გამოიწვია