უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებს სისხლით შეღებილი ამანათები გაუგზავნეს, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო. მათივე ცნობით, მსგავსი გზავნილები მიიღეს უკრაინის საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში. გარდა ამისა, უცნობმა პირებმა ვატიკანში, უკრაინის ელჩის სახლის შესასვლელი დააზიანეს. შეერთებულ შტატებში განთავსებულმა უკრაინის საელჩომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიიდან მიიღო წერილი უკრაინის შესახებ კრიტიკული სტატიის ასლით. სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინული მხარე უცხო ქვეყნების სამართალდამცავებთან თანამშრომლობს, რათა მუქარის ყველა შემთხვევა გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ. ამასთან, უკრაინის ყველა საელჩო და საკონსულო უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებზეა გადასული.