ჰორორისა და ფსიქოლოგიური ტრილერის ოსტატი სტივენ კინგი ყოველთვის ახერხებდა მკითხველის გაოცებას საკუთარი მდიდარი ფანტაზიით, ორიგინალური პერსონაჟებითა და მოულოდნელი სიუჟეტური სვლებით, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ არტურ კონან დოილისა და აგატა კრისტის შემდეგ, სწორედ კინგი იქცა მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე ეკრანიზებულ ავტორად, რომლის შემოქმედებით აქტიურად დაინტერესდნენ რეჟისორები.
მართალია, კინგის 90-მდე ნაწარმოების მიხედვით შექმნილმა ფილმებმა და სერიალებმა მეტ-ნაკლები წარმატება მოუტანეს საკუთარ შემქმნელებს, მაგრამ ფრენკ დარაბონტმა, რომელმაც 1994 წელს „გაქცევა შოუშენკიდან“, ხუთი წლის შემდეგ კი, მისტიკური დრამა „მწვანე მილი“ გამოუშვა, მაინც ყველა დაჯაბნა. მეტიც, დარაბონტის განცხადებით, სწორედ კინგის გავლენით აირჩია რეჟისორის პროფესია, რადგან ძალიან უნდოდა საყვარელი რომანების ეკრანული ვერსიების შეექმნა.
"მწვანე მილი" კინგმა 1996 წელს შექმნა, მოთხრობის "გაქცევა შოუშენკიდან" წარმატების შემდეგ, რომელმაც ლიდერის პოზიცია მოიპოვა The New York Times-ის ბესტსელერების ნუსხაში. მართალია, სასჯელაღსრულების დაწესებულების წეს-ჩვეულებებისა და პატიმართა ცხოვრების აღწერით გატაცებულმა მწერალმა, წინა ნამუშევრის გამოცდილება გაიზიარა, მაგრამ სრულიად განსხვავებული ფილოსოფიის რომანი შექმნა მისტიკური სიუჟეტით, რამაც მეტი ეფექტი შესძინა მის მონათხრობს.
აღსანიშნავია, რომ მწერალი სწორედ "მწვანე მილს" მიიჩნევს საკუთარი შემოქმედების საუკეთესო ადაპტაციად, მით უფრო, დარაბონტის დრამა ერთადერთი ეკრანიზაცია გახდა, რომლის მოგებამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა ამერიკულ გაქირავებაში.
„მწვანე მილი“, რომელიც 1996 წელს Stoker-ის პრემიით დაჯილდოვდა წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში, ეტაპობრივად, რამდენიმე ნაწილად დაიწერა და თავიდან მხოლოდ ბროშურებად გამოიცა, რადგან კინგმა საერთო თემითა და სიუჟეტით გაერთიანებული მოთხრობების მთელი ციკლი ჩაიფიქრა, რომელიც თვითონაც არ იცოდა, როდის ან როგორ დასრულდებოდა, მით უფრო, რომ ძალიან გაუჭირდა ფინალის მოფიქრება. მთავარ დილემად ავტორისთვის ჯონ კოფის განაჩენი იქცა, რომელიც საბოლოოდ მაინც გაიმეტა სიკვდილით დასჯისთვის და სწორედ ასე მიანიშნა თანამედროვე ამერიკის პენიტენციალური სისტემის ხარვეზებზე, რომლის გაუმართავ მუშაობას და ნაკლებად კომპეტენტური იურისტების სუბიექტურ გადაწყვეტილებას ხშირად სრულიად უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.
აღსანიშნავია, რომ „მწვანე მილის“ მთავარ განმასხვავებლად მისი ლოკაცია იქცა. ჩვეულებრივ, კინგის ისტორიები მისი მშობლიური - მენის შტატის ფონზე ვითარდება, „მწვანე მილის“ მოქმედებამ კი, 1930-იანი წლების ლუიზიანაში გადაინაცვლა. თუმცა, ბევრად მასშტაბური აღმოჩნდა ფილმის გადაღებები, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში დაიწყო, კალიფორნიასა და ჰოლივუდში, კინოკომპანია Warner Brothers-ის პავილიონებში გაგრძელდა და ტენესის შტატის მიტოვებულ, ნახევრად დანგრეულ ციხეში დასრულდა.
დარაბონტმა არა მხოლოდ კინგის ისტორია გაიმეორა, არამედ პერსონაჟებსაც მაქსიმალური სიზუსტით შეურჩია ეკრანული პროტოტიპები, რომელთა მოძიება საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
მართალია, პოლ ეჯკომბის როლზე Warner Bros-ის მესვეურებს ჯონ ტრავოლტას მიწვევა სურდათ, მაგრამ დარაბონტმა „დისკოს“ ვარსკვლავის კანდიდატურა დაიწუნა და მთავარი როლის შესრულება ტომ ჰენქსს შესთავაზა. მსახიობი დაუფიქრებლად დათანხმდა პროექტში მონაწილეობას, რითაც ერთგვარი პატივისცემა გამოხატა დარაბონტის მიმართ, რომელსაც რამდენიმე წლით ადრე დასწყვიტა გული, როცა "ფორესტ გამპის" სასარგებლოდ უთხრა უარი ენდი დუფრეინის როლის შესრულებაზე დრმაში „გაქცევა შოუშენკიდან“. მართალია, ჰენქსს საკუთარი პერსონაჟი ხანდაზმულ ასაკშიც უნდა განესახიერებინა, მაგრამ დარაბონტს ზედმეტად ხელოვნურად მოეჩვენა გრიმიორების ნამუშევარი და მოხუცი ეჯკომბის როლი დაბს გრიგს გადააბარა.
სხვათა შორის, გადასაღებ მოედანზე მისულ კინგს ჰენქსი ყოველთვის საკუთარი პერსონაჟის - მეციხოვნის ფორმაში გამოწყობილი ხვდებოდა და პირველ რიგში სწორედ მას ეკითხებოდა რჩევას, რათა დარწმუნებულიყო, რომ ზუსტად ერგებოდა ლიტერატურულ ორეულს. ამბობენ, თითქოს კინგმა ხუმრობითაც კი შესთავაზა ჰენქსს ელექტროსკამის მოსინჯვა, თუმცა მსახიობმა, რომელიც ძალიან დააფრთხო მსგავსმა ექსპერიმენტმა, უარი უთხრა და ხუმრობითვე უპასუხა, რომ ამგვარი გართობით ციხის განაწესს დაარღვევდა.
სერიოზულ პრობლემად იქცა ციხის კიდევ ერთი გუშაგის - ბრუტ ჰოუელის როლზე შესაფერისი მსახიობის მოძიება, რადგან მეციხოვნე, რომელსაც კოლეგები "მხეცის" მეტსახელით მიმართავდნენ, აუცილებლად კეთილი და გულუბრყვილო, თუმცა ზორბა აღნაგობის უნდა ყოფილიყო. მართალია, პრობლემა დევიდ მორსის გამოჩენით მოგვარდა, მაგრამ გადამღები ჯგუფი ისევ რთულ ამოცანის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ახლა ჯონ კოფის - შავკანიანი გიგანტის როლის შემსრულებლის მოძიება გახდა საჭირო, რომლის ფონზე თავად „მხეციც“ უსუსური იქნებოდა.
მაიკლ კლარკ დუნკანის კანდიდატურა დარაბონტს ბრიუს უილისმა შესთავაზა, რომელმაც მსახიობი 1998 წელს ფანტასტიკურ ფილმზე "არმაგედონზე" მუშაობისას გაიცნო და ძალიან დაუმეგობრდა. დარაბონტმა გაითვალისწინა უილისის შეთავაზება, თუმცა ეჭვი მაინც შეეპარა, რადგან დუნკანი მხოლოდ ეკრანზე ტოვებს გოლიათის შთაბეჭდილებას, რეალურ ცხოვრებაში კი, დევიდ მორსსაც ჩამორჩება სიმაღლეში და ციხის უფროსის ჰალ მურსის როლის შემსრულებელ ჯეიმს კრომველსაც.
დუნკანის გაბარიტების „გამსხვილება“ გამოცდილმა ოპერატორმა დევიდ ტატერსოლიმ ითავა, რომელმაც ორიგინალური რაკურსების გამოყენებით შექმნა ილუზია, თითქოს გიგანტი კოფი ზევიდან დაჰყურებდა ციხის პერსონლს. არ ჩამორჩნენ ტატერსოლს არც ფილმის მხატვრები, რომელთაც შეგნებულად შეამცირეს რეკვიზიტები და სწორედ მათ ფონზე შესძინეს კოფის სოლიდურობა.
სხვათა შორის, სახელი დუნკანის პერსონაჟმა რეალური ადამიანის, ემერსონის კოლეჯის ისტორიის პროფესორის ჯონ კოფის წყალობით შეიძინა, რომლის ლექციებს თავად კინგიც ხშირად ესწრებოდა, თუმცა კოფისთვის მაინც მოულოდნელ სიურპრიზად იქცა მისი მოსახელე პერსონაჟის შექმნა და ძველი ნაცნობის ამგვარი საჩუქარი.
მართალია, ლიტერატურულ პირველწყაროში, პერსი უეტმორი მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ დაგ ჰატჩინსონსისთვის იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა უარყოფითი პერსონაჟის განსახიერება, რომ ურცხვად იცრუა და 39 წლისამ თავი 30 წლისად გაასაღა. თუმცა მსახიობს ძალიან ძვირი დაუჯდა მსგავსი თაღლითობა, რადგან მოგვიანებით, რეჟისორმა ჯეი კარუზომ, რომელიც მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა ფილმში "სოლტანის ზღვა", სწორედ ასაკის გამო დაიწუნა ჰატჩინსონი, საბოლოო არჩევანი კი, ველ კილმერის სასარგებლოდ გააკეთა.
ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, მომხიბვლელი თაგუნა „მისტერ ჯინგლსი“ სინამდვილეში, 30 თაგვმა განასახიერა, რომელთაც შემოქმედებითი ჯგუფის პატივსაცემად შეიძინეს სახელები. როგორც ჩანს, „მისტერ ჯინგლსი“, რომელმაც ფილმში აღნიშნა 65 წლის იუბილე, მხოლოდ საოცრების წყალობით აღმოჩნდა ასე სიცოცხლისუნარიანი, რადგან სინამდვილეში, თაგვები მაქსიმუმ შვიდ წელს ცოცხლობენ.
იდუმალებით მოცულ პერსონაჟებად იქცნენ ხოჭოებიც, რომელთაც ჯონ კოფი უშვებს პირიდან სხვათა განკურნვის შემდეგ. მართალია, თავად კინგმა თავი შეიკავა დეტალების დაზუსტებისგან, მაგრამ საკუთარი ვერსიები გამოთქვეს ფილმის ფანებმა, რომელთა ნაწილმა ხოჭო ადამიანური ბოროტების სიმბოლოდ, ნაწილმა კი პირიქით, კეთილ არსებად მიიჩნია, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად კურნავს სნეულს.
რა თქმა უნდა, შემზარავი ელექტროსკამი მხოლოდ რეკვიზიტია, თუმცა იმდენად შთამბეჭდავი, რომ პერსონაჟებთან ერთად მაყურებელსაც თავზარს სცემს, რაც არცაა გასაკვირი, რადგან 1920-იან წლებში ცნობილი Old Sparky-ის ანუ „ძველ ნაპერწკლად“ წოდებული ელექტროსკამის ანალოგად და მისივე რეალური ნახაზების მიხედვით შეიქმნა. სხვათა შორის, „ძველი ნაპერწკლის“ ეკრანულმა ორეულმა თავად "ჰორორის მეფეც" გვარიანად დააფრთხო როცა მან სიკვდილის პირისპირ აღმოჩენილი ადამიანის ემოციის განცდის სურვილით, გამოცადა "სიკვდილის მანქანა".
ჩვეულებრივ, დერეფანს, რომელსაც პატიმარი გადის საკუთარ სიკვდილთან შესახვედრად, შეერთებული შტატების ციხეებში "უკანასკნელ მილი" ჰქვია, კინგმა კი, ერთგვარი ლიტერატურული დრამატიზმი შესძინა რეალურ ფაქტს და ჯერ სიკვდილმისჯილის უკანასკნელ გზას უწოდა „მწვანე მილი“, მერე საკუთარ რომანს, რამაც ფილმის ავტორებს საპატიმროს დერეფნის ამავე ფერში შეღებვა აიძულა.
მართალია, შესაბამისი ატმოსფეროსა და განწყობის შესაქმნელად კოსტიუმების მხატვრებმა ერთნაირი უნიფორმა მოარგეს მეციხოვნეებს, მაგრამ სინამდვილეში, 1930-იან წლებში საპატიმროს ზედამხედველები საკუთარი გემოვნებით იმოსებოდნენ, სპეციალური ფორმის ტარება კი, მხოლოდ ორი ათწლეულის შემდეგ გახდა სავალდებულო. ამასთანავე, ციხის ბადრაგს, რომელიც მხოლოდ ხელჯოხებითაა შეიარაღებული, არც ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება აქვს, რაც სერიოზულ რისკთანაა დაკავშირებულია, რადგან პატიმარს ყოველთვის შეუძლია საკუთართან ერთად სხვის სიცოცხლესაც შეუქმნას საფრთხე.
არ არსებობდა 30-იან წლებში არც ე.წ. გიჟის პერანგი სალტეებითა და შესაკრავებით, რომელიც მხოლოდ 1980-იან წლებში გამოიგონეს, მანამდე კი, მხოლოდ თასმებით იკვრებოდა, რაც საკმაოდ რთული იყო, ამიტომ იშვიათად გამოიყენებოდა დაშოშმინების ამგვარი მეთოდი.
ისტორიულ უზუსტობად შეიძლება ჩაითვალოს ლუიზიანას ციხის განაწესიც, სადაც თეთრკანიანი და შავკანიანი პატიმრები ერთად იხდიან სასჯელს, რადგან მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, როცა ამერიკა და განსაკუთრებით სამხრეთულ ლუიზიანა ცხოვრობდა სეგრეგაციის პრინციპებით, იმ შემთხვევაშიც წარმოუდგენელი იყო შავკანიანი კოფის თეთრკანიანი პატიმრების ბლოკში მოთავსება, თუ ყველას სიკვდილი ჰქონდა მისჯილი.
სხვათა შორის, ლუიზიანას შტატში ელექტროსკამიც მხოლოდ 1940-იანი წლების დასაწყისში დამკვიდრდა, მანამდე კი, სიკვდილით დასჯის ერთადერთ მეთოდად ჩამოხრჩობა ითვლებოდა.
მართალია, „მწვანე მილის“ მუსიკალური გაფორმება ნაკლებად გამოირჩევა უნიკალურობით, მაგრამ მელოდია, რომელიც შესავალში, მოხუცთა თავშესაფარში ჟღერს მაინც აღსანიშნია, რადგან კომპოზიცია, დარაბონტმა კოლეგისგან მილოშ ფორმანისგან ისესხა, რომელმაც ზუსტად იგივე მუსიკა გამოიყენა ცნობილ დრამაში "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", მედდა რეტჩედის პაციენტებთან თერაპიის სეანსის სცენაში.
ფილმმა, რომელიც ერთნაირად მოიწონა როგორც კრიტიკამ, ისე პუბლიკამ, "ოსკარის" ოთხი ნომინაცია და "სატურნის" სამი პრემია დაიმსახურა საუკეთესო ფილმის, მამაკაცისა და ქალის მეორე პლანის როლის კატეგორიაში, ნომინაციით აღინიშნა რეჟისორისა და კომპოზიტორის ნამუშევარიც.
ამასთანავე, მე-20 საუკუნის ყველაზე ჰუმანურ ფილმად წოდებული "მწვანე მილი" მეორე პოზიციით შევიდაTCM-ის (Turner Classic Movies) "ყველაზე ცრემლიანი ფილმების" ნუსხაში, სადაც ლიდერობა მხოლოდ სტივენ სპილბერგის ცნობილ ფანტასტიკას "უცხოპლანეტელს" დაუთმო.