კატარში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფში, სადაც ესპანეთი და გერმანია თამაშობდნენ პირველ ადგილზე იაპონია გავიდა, ხოლო კოსტა რიკა მერვედფინალში გასვლის შანსს 85-ე წუთამდე ინარჩუნებდა. მერვედფინალში იაპონია ხორვატიას შეხვდება, ესპანეთი კი მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება.
გერმანიის ნაკრებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყო და მე-10 წუთზე მარცხენა ფლანგიდან რაუმის ჩაწოდებას გნაბრის გოლი მოჰყვა - 1:0, პირველ ნახევარში ფლიკის გუნდმა მეორე გოლის გატანა ვეღარ შეძლო, გამოსარჩევია კოსტარიკელების შანსი, როცა რუდიგერის შეცდომით ფულერმა ვერ ისარგებლა.
58-ე წუთზე გერმანელები კატასტროფის წინაშე დადგნენ, კოსტა რიკამ ანგარიში გაათანაბრა - 1:1. გერმანელებს საქმე უფრო მეტად გაურთულდათ, როცა საკუთარ კარში მეორე გოლიც მიიღეს და კოსტა რიკა დაწინაურდა. ფლიკის გუნდმა დარჩენილ დროში ანგარიში 4:2 გახადა, აღსანიშნავია, რომ კაი ჰავერტცი ცვლილებაზე შემოვიდა და ორი გოლის გატანა შეძლო. გერმანელები სწორედ ჰავერტცის დუბლის წყალობით ინარჩუნებდნენ ჯგუფიდან გასვლის შანსს, მაგრამ ეს ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. გერმანიის ნაკრები ზედიზედ მეორე მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩა.
ესპანელებმა თამაში გადახალისებული შემადგენლობით დაიწყეს. მე-12 წუთზე ალვარო მორატამ ასპილიკუეტას პასით ისარგებლა და მუნდიალზე მესამე გოლი გაიტანა. ლუის ენრიკეს გუნდი თამაშს აკონტროლებდა. მეორე ტაიმში აზიელები მოედანზე სულ სხვა შემართებით გამოვიდნენ, შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა დოანმა გაათანაბრა, ხოლო 53-ე წუთზე ტანაკამ აზიელები დააწინაურა. საბოლოო ჯამში, იაპონიამ კიდევ ერთი სენსაცია შემოგვთავაზა: გერმანელების დამარცხების შემდეგ ესპანელებსაც მიაყოლეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.