საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტებია და ამ მიმართულებით მოკავშირეების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ დაადასტურა მზაობა, განაგრძოს მხარდაჭერა და წვლილი შეიტანოს ნატოს ძალისხმევაში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.