"ტაბულასა" და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების [VES] დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვაჟის ედუარდ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმიანება.
"ედუარდ სააკაშვილს აქებს ახლა ყველა. ვუერთდები ქებას. ოღონდ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მისი ნათქვამის, მისი შინაარსის გამო აქებს. ედუარდმა თქვა, რომ მამამისს მისდიოდა "გაფილტრული ინფორმაცია", რომ "თვითონაც ფილტრავდა" და იმას ხედავდა, რისი დანახვაც თვითონ უნდოდა. ედუარდმა თქვა, რომ სააკაშვილის მოლოდინები და რეალობა ერთმანეთს იყო აცილებული და ამიტომ იყო ჩამოსვლა დიდი შეცდომა. მე მგონი, ამაზე დავას არ დამიწყებთ. ვისთანაც შეიძლება ვისაუბრო, ეს ალბათ ყველას ერთნაირად გვესმის. მოკლედ, სააკაშვილს რეალობაზე დამახინჯებული წარმოდგენა ჰქონდა და ამან განაპირობა, რომ ახლა ასე ცუდადაა, ხვდება და გაუშვით, აღარ იზამსო - შვილი ამას ამბობს. ახლა მინდა, რომ მითხრათ ერთი სატელევიზიო ეთერი, რომელიც ამ თემაზე დისკუსიას მიეძღვნა. გაიხსენეთ დისკუსია, სადაც მოგვეცა შესაძლებლობა არგუმენტებით გვემსჯელა, აგვეწონ დაგვეწონა, დაგვეთვალა ამ იდეის ავკარგიანობა. ასეთი რამე არ ყოფილა. ყველა სატელევიზიო დისკუსია ამ საკითხზე იყო სრულიად მითოლოგიზებული - ოპოზიციურ არხებზე უდავო ჭეშმარიტებად საღდებოდა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს, ბიძინა გაიქცევა, ხალხი ქუჩაში გამოვა და… მერე როგორცაა. არ მოგვცემია საშუალება ჩვენ - ვინც არსად მივცოცავდით და რეალობის სახეში მიხლის არ გვეშინოდა ამ თემაზე ნაციონალური მედიის ეთერიდან გვემსჯელა - აგვეწონ დაგვეწონა. მოღალატეებად და გიჟებად ვიყავით შერაცხული და “დაქენსელებული”. ახლა ედუარდის აზრებს ბევრი იწონებთ - უსაფრთხოა და იმიტომ. მაგრამ გიჭირთ გაიგოთ, რატომ ვერჩი არასასურველი სპიკერების და დისკუსიების ჩახშობის გამო ოპოზიციურ ტელემედიას! რასაც ედუარდი ამბობს, მაგას ვიძახით 2013 წლიდან შიგნით და პირისპირ მიშასთან. 2016 წლიდან საჯაროდ! მაგრამ ამ სათქმელს ბლოკავდნენ - ფილტრავდნენ. დღეს ტანდაკაწრული მიშა 75 კილოა. და ბიძინა ისე მყარად დგას, როგორც არასდროს. (იმედია პიროსივით) ამიტომ ან უნდა გაიხსნან დისკუსიისთვის, ან ბოლომდე დისკრედიტირდნენ და მათით მოყენებული ზიანი ამ გზით შევამციროთ",, - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.