ახალაშენებული ბინები 17%-ით, ხოლო ძველი 10%-ით გაძვირდა. ინფორმაციას ამის შესახებ უძრავი ქონების სერვისებისა და საინვესტიციო მენეჯმენტის ორგანიზაცია ქოლიერსი ავრცელებს. მათივე კვლევის თანახმად, 2022 წლის ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4 063 შეადგინა, რაც წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 29%-იანი ზრდაა. მათივე ცნობით, ბაზრის ზომა 41%-ით, 221 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ 2022 წლის ოქტომბერში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 32%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი გასული წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 22%-ით არის გაზრდილი. საინტერესოა ასევე მონაცემები, რომელიც ახალაშენებულ ბინებზე მოთხოვნას ასახავს. როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 117%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 83%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 10%-ით გაიზარდა. ამასთან, „კოლიერსის“ ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა ბინების საშუალო გასაყიდი ფასიც. ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 17%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 11%-ით, ქალაქის ცენტრში კი 9%-იანი ზრდა ფიქსირდება. 2022 წლის ოქტომბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“- ნათქვამია კვლევაში.