უკრაინაში ომის 281-ე დღეა. რამდენიმე კვირაა ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელი წერტილი დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტია. უკრაინის შეიარაღებული ძლების ცნობით, ოკუპანტები რეგიონში სარკინიგზო მაგისტრალზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. რუსული აგრესია არ წყდება უკრაინის სამხრეთ ნაწილშიც. ოკუპანტები ზაპოროჟიეს გაზსადენს დაესხნენ, რის შედეგადაც რეგიონს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა გასული ღამის განმავლობაში დნეპროპეტროვსკის ოლქის ორი თემი „გრადებითა“ და მძიმე არტილერიით რვაჯერ დაბომბეს. მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაბომბვის შედეგად რამდენიმე კერძო სახლი, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა.