ესპანური ტენერიფე, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც გიორგი შერმადინია, შიდაჩემპიონატთან ერთად ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაშიც ლიდერია. ტენერიფელებმა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩში ისრაელის ბნეი ჰერცელიას უმასპინძლეს, იოლად დაამარცხეს და ჯგუფში გალიდერდნენ. ესპანელებმა მეტოქე 20 ქულიანი სხვაობით 83:63 მოიგეს.
ქართველმა ცენტრმა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 20:11 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველმა ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 36 (!) ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (23).
4 ტურის შემდეგ ტენერიფეს 3 მოგება აქვს და თავის ჯგუფში პირველია. ეს ერთადერთი მარცხი შერმადინის გუნდმა საბერძნეთში, პერისტერისთან განიცადა და მომდევნო ტურში, 14 დეკემბერს, სწორედ მას მასპინძლობს და რევანშის შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზურს ნაადრევად გაინაღდებს.