მართალია, ბრიტანელი მწერალი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიბადა, მაგრამ მილიონობით თაყვანისმცემლის წყალობით დღემდე შეინარჩუნა აქტუალურობა. მეტიც, სწორედ აგათა კრისტი ითვლება დეტექტივების ყველაზე პოპულარულ და გაყიდვად ავტორად, რადგან გინესის რეკორდების წიგნის თანახმად მისი ნაწარმოებები 100-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და დაახლოებით 4-მილიარდიანი ტირაჟით გაიყიდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 270 მილიონ ეგზემპლარად გაყიდულ ჰარი პოტერის ისტორიებს.
ლიტერატურათმცოდნეები დღემდე იკვლევენ კრისტის ფენომენს, რომელმაც ერთი შეხედვით მსგავსი სიუჟეტების მიუხედავად, მაინც მოულოდნელობების სავსე, საოცრად მრავალფეროვანი დეტექტიური პროზა შექმნა. შესაძლოა, მწერლის უნიკალურობა ბავშვობიდან კარგად განვითარებულმა წარმოსახვამ, ან ბიოგრაფიამ განსაზღვრა, რომელიც ისეთივე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, როგორიც მისი ისტორიები.
სადებიუტო რომანი 25 წლის აგათამ სანაძლეოზე დაწერა. ამბობენ, თითქოს დეტექტივის „სთაილზის იდუმალებით მოცული შემთხვევის“ შექმნის იდეა ახალგაზრდა კრისტის უფროს დასთან მარჯთან საუბრის შემდეგ გაუჩნდა, როცა საკუთარ თავში დარწმუნებულმა აღნიშნა, თითქოს თავისუფლად დაწერდა კონან დოილისეული დეტექტივების ტოლფას რომანს, დამნაშავეს კი, ფინალამდე ვერავინ ამოიცნობდა. რა თქმა უნდა, საკუთარი სითამამით აგათამ მხოლოდ მარჯის ირონიული ღიმილი დაიმსახურა, თუმცა, მისთვის დის ირონიაც საკმარისი აღმოჩნდა, გამოწვევის მისაღებად და მუშაობის დასაწყებად.
მართალია, რომანის პუბლიკაციის შემდეგ Times-ის რედაქტორმა კომენტარი გააკეთა და აღფრთოვანებულმა აღნიშნა, რომ სანაძლეო უდავოდ მოგებული იყო, მაგრამ გადაჭრით თქმა, თითქოს მხოლოდ დასთან საუბრის შემდეგ აღმოაჩინა კრისტიმ საკუთარ თავში ლიტერატურული ტალანტი, მაინც შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ აგათა საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა, თუმცა და-ძმისგან განსხვავებით არასდროს უსწავლია დაწყებით სკოლაში, რადგან დედა კატეგორიულად უკრძალავდა უმცროს ქალიშვილს რვა წლამდე წიგნების კითხვას. პატარა აგათა მთელ დღეებს მარტოობაში ატარებდა და საბოლოოდ სწორედ მოწყენილობამ აიძულა ჯერ კითხვის დამოუკიდებლად სწავლა, მერე საკუთარი ისტორიების გამოგონება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მოგვიანებით სწორედ ლიტერატურა იქცა მისი ცხოვრების მთავარ საქმედ, მით უფრო, რომ 18 წლისამ პირველად მოსინჯა მცირე მოთხრობების წერა. სხვათა შორის, „სთაილზის იდუმალებით მოცული შემთხვევა“ რამდენიმე გამომცემლობამ დაიწუნა და მხოლოდ ერთმა გამოსცა, რომელმაც ახალბედა მწერალს 25 ფუნტი სტერლინგი გადაუხადა და 200-ეგზემპლარიანი ტირაჟი დაამტკიცა.
ნებისმიერი, ვინც კარგად იცნობს კრისტის შემოქმედებას, პირველ რიგში მწერლის „ტოქსიკურ სიყვარულს“ აღნიშნავს, რადგან სხვადასხვა ტიპის შხამს, დეტალურად გაწერილ რეცეპტურას და მომაკვდინებელ ეფექტს, ყოველთვის განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა მის რომანებში. მეტიც, ლიტერატურათმცოდნეებმა მოწამვლის 83 შემთხვევა დაითვალეს კრისტის დეტექტივებში და სწორედ მაშინ დაინტერესდნენ ავტორის უჩვეულო გატაცებით.
როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა შემადგენლობის მომწამლავი მიქსტურების ექსპერტი კრისტი პირველი მსოფლიო ომის დროს, ჯერ მედდად, მერე ფარმაცევტად მუშაობისას გახდა. მწერლის განცხადებით, იმ პერიოდში ყველაზე მეტად მედიკამენტის დამზადებისას შეცდომის დაშვების ეშინოდა, ამიტომ ანერვიულებული ხშირად ღამითაც იღვიძებდა და შეშინებული გარბოდა აფთიაქში რეცეპტურის სისწორეში დასარწმუნებლად. ომის დროს შეძენილი გამოცდილება აგათამ რომანებში გადაიტანა და სწორედ მომწამლავი ნივთიერება აქცია მკვლელობის მთავარ იარაღად, რადგან მისივე აღიარებით, საშინლად არ უყვარდა ძალადობა. საკუთარ ნაწარმოებებს კრისტი ყოველთვის კლასიკურ ლიტერატურას მიაკუთნებდა და არასდროს იზიარებდა მოსაზრებას, თითქოს დეტექტივის ჟანრი მხოლოდ სისხლიანი მკვლელობების და მათი გამოძიების ბანალურ აღწერას გულისხმობდა.
უმძიმესი აღმოჩნდა კრისტისთვის 1926 წელი, როცა ჯერ დედა გარდაეცვალა, მერე მეუღლე არჩიბალდ კრისტი გამოუტყდა ღალატში. აგათამ, რომელიც გარეგნული სიმშვიდისა და თავშეკავების მიუხედავად, სინამდვილეში მეტად ემოციური და მგრძნობიარე ქალბატონი იყო, სტრესს ვეღარ გაუძლო და ყველასთვის მოულოდნელად გაუჩინარდა.
რა თქმა უნდა, ცნობილი მწერლის გაუჩინარების ისტორია, მისივე რომანების სიუჟეტს დაემსგავსა და ნამდვილ სენსაციად იქცა. ინტენსიური სამძებრო ღონისძიების მიუხედავად, რომელშიც სამართალდამცავებთან ერთად მწერლის თაყვანისმცემლებიც აქტიურად ჩაებნენ, პოლიციამ საიმედოს ვერაფერს მიაგნო, რითაც კონსპიროლოგებმა ისარგებლეს და საკუთარი თეორიები წამოაყენეს - ნაწილი თვლიდა, რომ კრისტი უბრალოდ შეიშალა და საღად აზროვნების უნარი დაკარგა, ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ მწერალმა მეტად ორიგინალურად სცადა საკუთარი რომანების რეკლამირება, ნაწილი კი, მიიჩნევდა, რომ სწორედ ასე გადაუხადა სამაგიერო შეურაცხყოფილმა ქალმა ქმარს, როცა მასზე ეჭვის მიტანით ჩაითრია დანაშაულში.
კრისტის მხოლოდ 11-დღიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს ნორტ-იორკშირის სასტუმროში, სადაც ქმრის საყვარლის გვარით დარეგისტრირდა. მედიკოსებმა ამნეზიით გაამართლეს მისი უცნაური ქცევა, თავად კრისტიმ კი, უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე და ცხოვრების ურთულესი პერიოდის სამუდამოდ დავიწყება სცადა, ამიტომ დღემდე გაურკვეველია მისი გაქცევის რეალური მიზეზი.
კრისტის რომანებმა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვეს მშობლიური ბრიტანეთით დაწყებული, იდუმალებით მოცული ახლო აღმოსავლეთის დასრულებული. მწერლის შემოქმედების გეოგრაფია მართლაც შთამბეჭდავია, რაც პირველ რიგში მისივე გამოცდილების დამსახურებაა, რადგან მოგზაურობას ცნობისმოყვარე კრისტი ყოველთვის ცხოვრების მთავარ გატაცებად მიიჩნევდა.
მართალია, აგათას ოჯახი ინგლისში, დევონის საგრაფოში ცხოვრობდა, მაგრამ ზაფხულის სეზონს ყოველთვის საფრანგეთის სამხრეთში ატარებდა. მეტიც, 15 წლის ასაკში აგათა დედასთან ერთად დაბინავდა პარიზში და სრულყოფილად შეისწავლა ფრანგული ენა, რაც მოგვიანებით ბელგიელი მაძებრის ერკიულ პუაროს სახის შექმნასა და მისი სახასიათო თავისებურებების დეტალურად დამუშავებაში დაეხმარა.
1922 წელს კრისტიმ პირველ მეუღლესთან ერთად იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო, უკვე განქორწინებულმა კი, დიდი ხნის ოცნება აისრულა, აღმოსავლეთ ექსპრესით გაემგზავრა ბაღდადში და სწორედ ლეგენდარული მატარებლით მგზავრობისას გაიცნო მეორე მეუღლე, არქეოლოგი მაქს მალოუენი.
არქეოლოგიით კრისტი მაქსის გაცნობამდეც ინტერესდებოდა, ქორწინების შემდეგ კი, გატაცება მთავარ შთაგონებად აქცია და მეუღლესთან ერთად იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში, მით უფრო, რომ მალოუენი, რომელიც ჯერ ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორის, მერე რაინდის ტიტული დაჯილდოვდა, დღესაც მე-20 საუკუნის უდიდეს ბრიტანელ არქეოლოგად ითვლება.
რა თქმა უნდა, ახლოაღმოსავლური ვოიაჟი კრისტის რომანებშიც აისახა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მეუღლის მხარდამხარ ისიც აქტიურად მონაწილეობდა უძველესი არტეფაქტების მოძიებაში. მართალია, აგათა არასდროს ჰყვებოდა საკუთარ მიღწევებზე, მაგრამ თანამედროვე მკვლევარების მტკიცებით, მართლაც ფასდაუდებელია მისი წვლილი ბრიტანულ არქეოლოგიაში. მეტიც, სწორედ მან გადაარჩინა ბრიტანეთის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის სპილოს ძვლის ექსპონატები, რომლებიც სახის დამარბილებელი საცხით გაწმინდა და დაამუშავა. ცნობილი მკვლევარის ჰენრიეტა მაკოლმის მტკიცებით, მეუღლეზე 15 წლით უფროს აგათას ყოველთვის თან ჰქონდა დამარბილებელი საცხი, რადგან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საკუთარ გარეგნობას ბევრად ახალგაზრდა მეუღლის ფონზე. სხვათა შორის, ცნობილი ფრაზა, თითქოს, „არქეოლოგი ქმრისთვის ცოლი ასაკის მატებასთან ერთად ხდება საინტერესო“, - სწორედ კრისტის ეკუთვნის.
საოცრად ნაყოფიერი კრისტი, რომელიც წელიწადში 2-3 წიგნს გამოსცემდა, მეორე მსოფლიო ომის დროს ყოველთვის ორ რომანზე ერთდროულად მუშაობდა, რათა ერთის მარცხის შემთხვევაში, მეორე გამოეცა. რა თქმა უნდა, მსგავს რეჟიმში საქმიანობა ნებისმიერი შემოქმედისთვის რთულია, მაგრამ კრისტი არასდროს იღლებოდა. მწერლის განცხადებით, სიუჟეტი მორიგი დეტექტივისთვის, მკვლელობისა და დამნაშავის ფინალამდე დაფარვის სქემით ყოველთვის მოულოდნელად იბადებოდა და პრაქტიკულად დამოუკიდებლად ვითარდებოდა წარმოსახვაში, თვითონ კი, დეტალებით ავსებდა და მხოლოდ რომანის სრულად ჩამოყალიბების შემდეგ იწყებდა მის წერას.
სხვათა შორის, იშვიათი გამონაკლისის გარდა, კრისტი არასდროს ქმნიდა პერსონაჟებს რეალური ადამიანების პროტოტიპებად და მხოლოდ ხასიათის, გარეგნობის ცალკეული თავისებურებებით სარგებლობდა. მაგალითად, მისს მარპლი აგათას წარმოსახვაში ბებიის რედიკიულის პოვნის შემდეგ დაიბადა, ბრწყინვალე ერკიულ პუარო კი, ბელგიელი ლტოლვილების ერთგვარი კრებითი სახეა, რომლებიც განსაკუთრებით მომრავლდნენ ბრიტანეთში პირველი მსოფლიო ომის დროს.
არტურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმსის მსგავსად ერკიულ პუაროც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟია. მეტიც, 1975 წელს, როცა რომანში „ფარდა“ კრისტიმ მოსაკლავად გაიმეტა ბელგიელი დეტექტივი, გაზეთმა New York Times-მა მისი ნეკროლოგი დაბეჭდა, ისე თითქოს რეალური ადამიანი გარდაიცვალა.
სხვათა შორის, მილიონობით მკითხველის საყვარელი მაძიებლის თავიდან მოშორება ავტორს ბევრად ადრე უნდოდა, რადგან სწორედ პუარო იყო მისი პირველი პერსონაჟი, რომელიც სწრაფად მოჰბეზრდა. თავად კრისტი დეტექტივს აუტანელ, ეგოცენტრულ ადამიანად მიიჩნევდა და უპირატესობას ბევრად მოკრძალებულ, თავმდაბალ მისს მარპლს ანიჭებდა. პუარომ მხოლოდ გამომცემლების წყალობით იცოცხლა რამდენიმე ათწლეული, ვისთვისაც ნამდვილ „ოქროს საბადოდ“ იქცა მისი ისტორიები, აგათას კი, საშინლად აფრთხობდა სიღარიბე, ამიტომ ანტიპათიის მიუხედავად იძულებით აგრძელებდა ბელგიელი მაძიებლის თავგადასავლების თხრობას.
მართალია, პოპ-კულტურაში კრისტი დარბაისელ ქალბატონად, ძველი ბრიტანეთის განსახიერებადაა წარმოდგენილი, მაგრამ მსგავსი პორტრეტი მხოლოდ ასაკოვან მწერალს ერგება, რადგან ახალგაზრდობაში აგათას ყველაფრის და განსაკუთრებით სიღარიბის ეშინოდა.
კრისტი ვიქტორიანულ ინგლისში ანუ იმ ეპოქაში დაიბადა, როცა სწორედ სტაბილურობა ითვლებოდა მთავარ ფასეულობად. მართალია, მომავალი მწერლის ოჯახი საშუალო ფენას მიეკუთნებოდა და არასდროს უჩიოდა ფინანსურ პრობლემებს, მაგრამ მხოლოდ მამის გარდაცვალებამდე. 11 წლის ასაკში აგათამ პირველად „გაუსინჯა გემო“ შიმშილს და მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა. მეტიც, სიღატაკის პანიკური შიში კრისტის რომანებშიც ნათლად აისახა, რადგან სწორედ ფული და ქონება აქცია მწერალმა დანაშაულის მთავარ მოტივად.
შესაძლოა, სწორედ შიშმა განსაზღვრა მისი ტიტანური შრომისუნარიანობაც, რაც განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის წლებში გამოვლინდა, როცა კრისტიმ რომანები „ფარდა“, „მივიწყებული მკვლელობა“ დაწერა და პუაროსთან ერთად მის მარპლის თავგადასავალიც დაასრულა, თუმცა მათი გამოქვეყნება 1970-იანი წლების ბოლომდე გადადო. ერთი შეხედვით უცნაური გადაწყვეტილება, სინამდვილეში მეტად წინდახედული ნაბიჯი აღმოჩნდა, რადგან სწორედ ასე უზრუნველყო კრისტიმ ოჯახის ფინანსური სტაბილურობა ნაადრევი გარდაცვალების შემთხვევაში.
მართალია, აგათა კრისტის მთელი მსოფლიო იცნობს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ 1930-იან წლებში მწერალმა მერი უესტმაკოტის ფსევდონიმით გამოაქვეყნა რამდენიმე სასიყვარულო რომანი და მთელი 10 წლით შეინარჩუნა ანონიმურობა.
კრისტი 1976 წელს გარდაიცვალა 85 წლის ასაკში, მისმა რომანებმა კი, ცხოვრება გააგრძელეს და 21-ე საუკუნეშიც შეინარჩუნეს პოპულარობა, რადგან დღეს მისი ნამუშევრები მხოლოდ ბიბლიასა და შექსპირის პიესებს თუ ჩამორჩებიან აქტუალურობით. ამასთანავე, სწორედ კრისტი ითვლება ყველაზე „ხანდაზმული“ პიესის ავტორად, რადგან მისი „სათაგური“, რომლის პრემიერა 1952 წელს შედგა, დღესაც წარმატებით იდგმება ლონდონში. მეტიც, 2012 წელს პიესამ აბსოლუტური რეკორდი დაამყარა, როცა ლონდონში, St. Martins-ის თეატრში აღნიშნა 60 წლის იუბილე.