„თაობის უნიჭიერეს შემსრულებლად“ დასახელებული ბიორკი, რომლის შემოქმედებას მილიონობით მელომანი ეთაყვანება მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ ისლანდიის სიამაყე, არამედ თანამედროვეობის ყველაზე კრეატიული მუსიკოსია, რომლის მთავარ ღირსებად კრიტიკოსები შესრულებისა და კომპოზიციის ინოვაციურ მანერას, ელექტრონული ბითების ორიგინალურ გამოყენებას, პროგრესულ მუსიკალურ ვიდეოსა და რა თქმა უნდა, უნიკალურ ხმას მიიჩნევენ.
მშობლების განქორწინების შემდეგ მომავალი მუსიკოსი დედასთან ერთად ჰიპების კომუნაში გადაბარგდა, სადაც რამდენიმე წელი გაატარა. მართალია, ბავშვობას ბიორკი ყოველთვის ნაკლები ხალისით იხსენებს, რადგან აღმოსავლური ორთაბრძოლების და ალკოჰოლის მოყვარული დედა მეგობრებთან უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე მცირეწლოვან შვილთან, მაგრამ ჰიპების სუბკულტურა, რომელიც ადრეულ ასაკში გაიცნო, სამუდამოდ დარჩა მის ცხოვრებაში. ამასთანავე, სწორედ ჰიპების წყალობით ისწავლა მუსიკოსმა ველურ ბუნებაში გადარჩენა და ყოველი დღის ისე ცხოვრება, როგორც უკანასკნელის.
სადებიუტო ალბომი Björk, რომელმაც ისლანდიური საბავაშო სიმღერები და მსოფლიო ჰიტების ქავერ-ვერსიები გააერთიანა, ახალბედა მუსიკოსმა 1977 წელს ჩაწერა. აკომპანირებას 11 წლის ბიორკს მამინაცვალი, ჯგუფის Pops ყოფილი გიტარისტი უწევდა. მართალია, ისლანდიაში ალბომმა პლატინის სტატუსი შეიძინა, მაგრამ მსოფლიო აღიარება მუსიკოსმა მხოლოდ 10 წლის შემდეგ, ალტერნატიული როკ-ჯგუფის The Sugarcubes-ის შემადგენლობაში მოიპოვა, როცა მისი სინგლი Birthday არა მხოლოდ მშობლიურ ისლანდიაში, არამედ ბრიტანეთში, ამერიკაში იქცა ჰიტად და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.
პირველ სერიოზულ წარმატებამდე, როცა ისლანდიელი მუსიკოსი ნამდვილ აღმოჩენად და ერთგვარ „ოქროს განძად“ იქცა პროდიუსერებისთვის, ბიორკმა რამდენიმე ჯგუფის შექმნა მოასწრო, რომელთა შორის ყველაზე ადრეული პანკ-კოლექტივი Spit and Snot იყო. მართალია, 13 წლის ბიორკი გატაცებით მუზიცირებდა მოზარდ მეგობრებთან ერთად, მაგრამ ჯგუფის არცერთი ჩანაწერი არ შემოინახა.
ჯგუფის The Sugarcubes დაშლის შემდეგ ბიორკმა ლონდონში, ცნობილ პროდიუსერთან ნელი ჰუპერთან გააგრძელა მუსიკალური ექსპერიმენტები. სწორედ ჰუპერის წყალობით გამოუშვა მუსიკოსმა პირველი მსოფლიო ჰიტი Human Behaviour, რასაც 1993 წელს სოლო ალბომი Debut მოჰყვა ყველასთვის მოულოდნელი წარმატებითა და კრიტიკოსების აღფრთოვანებული შეფასებით. ალბომმა, რომელიც 4,7 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა მთელ მსოფლიოში, ელექტრონული საცეკვავო მუსიკა, ჰაუსი, ჯაზი, თრიპ-ჰოპი გააერთიანა და ალტერნატიული მუსიკის პიონერად იქცა.
Debut-ის წარმატება ბიორკს ცნობილი მუსიკოსების გაცნობასა და მათთან თანამშრომლობით რამდენიმე პოპულარული კომპოზიციის შექმნაში დაეხმარა. მეტიც, მადონას სიმღერა Bedtime Story ამავე სახელწოდების ალბომიდან, რომელიც მუსიკოსმა 1995 წელს Brit Awards-ის ცერემონიაზე შეასრულა, როცა ლედი გოდივას როლში წარსდგა პუბლიკის წინაშე, სწორედ ბიორკს ეკუთვნის.
1997 წელს ბიორკის უცნობმა თაყვანისმცემელმა ჯერ ვიდეოზე გადაიღო ბომბის დამზადების პროცესი, რომელიც ფოსტით გაუგზავნა მუსიკოსს, მერე კამერის წინ იარაღიდან გასროლით დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. საბედნიეროდ, პოლიციამ დროულად მიაგნო საჩუქრად გაგზავნილ ბომბს, თუმცა ინციდენტმა მაინც სერიოზული გავლენა მოახდინა თავად ბიორკზე. რამდენიმე თვეში მუსიკოსმა ალბომი Homogenic გამოუშვა, რომელიც ერთგვარ გარდამტეხად იქცა მის შემოქმედებაში, რადგან ცნობილ იაპონელ აკორდეონისტთან იასუჰირო კობაიასისთან თანამშრომლობით ჩაწერილი ნაკრები, წინამორბედებისგან პირველ რიგში კონცეპტუალურობით და თამამი ექსპერიმენტებით აღმოჩნდა გამორჩეული.
მართალია, 21 წლის ბიორკის კინოდებიუტი 1986 წელს შედგა, როცა მთავარი როლი შეასრულა ძმები გრიმების ზღაპრების მოტივებზე დადგმულ ფანტასტიკურ დრამაში „ღვიის ხე“, რასაც მალე მატიას იოჰანესენის სერიალი „გატეხილი შუშა“ მოჰყვა, მაგრამ კინომოყვარულებმა ბიორკი მხოლოდ 2000 წელს გაიცნეს ლარს ფონ ტრიერის დრამით „წყვდიადში მოცეკვავე“, რომელშიც არა მხოლოდ მთავარი როლი შეასრულა, არამედ საუნდთრეკზეც თვითონ იმუშავა და დამოუკიდებელ ალბომად გამოუშვა.
პოპულარული კომპოზიცია I’ve Seen It All ამავე ალბომიდან „ოსკარის“ ნომინანტი გახდა და კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ დაიმსახურა, ისე როგორც თავად ბიორკმა, რომელიც საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში დაჯილდოვდა.
მუსიკოსი, რომელმაც ელექტრონული მუსიკის, როკისა და ჯაზის ელემენტების გაერთიანებით საკუთარი მუსიკალური სტილი შექმნა, საერთო ჯამში 100-ზე მეტი ჯილდოს და 200-მდე ნომინაციის მფლობელია, 2016 წელს კი, ჟურნალ Time-ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის რეიტინგში მოხვდა „ხელოვნების უმაღლესი ქურუმის“ ტიტულით.
2000 წელს ქვეყნის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ისლანდიის მთავრობამ მუსიკოსს კუნძული ელიდაეი უსახსოვრა, თუმცა ბიორკმა რამდენიმე დღეში უკან დააბრუნა საჩუქარი. მართალია, მუსიკოსმა უარი თქვა საკუთარი გადაწყვეტილების კომენტირებაზე, მაგრამ ამბობენ, თითქოს ვესტმანაეირის არქიპელაგის უმსხვილეს, თუმცა უკაცრიელ კუნძულზე, რომელიც უკანასკნელმა მოსახლემ 1930 წელს დატოვა, იმდენად მკაცრი ბუნებრივი პირობებია, რომ იქ დასახლება, მით უფრო მეურნეობის მოწყობა სასჯელს უფრო ჰგავს, ვიდრე საჩუქარს.