განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს პარტნიორებს ბოსნია-ჰერცეგოვინადან, საქართველოდან და მოლდოვას რესპუბლიკიდან. სასიამოვნოა, რომ გხედავთ ყველას აქ. ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას ნატო-სა და თქვენს ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრის წინ განაცხადა, რომელსაც საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებიან.
„ნატო და ნატო-ს მოკავშირეები სამივე პარტნიორს უწევენ დახმარებას ბევრი წლის განმავლობაში, მათ შორის შესაძლებლობების მშენებლობაში, რეფორმების განხორციელებაში და მათი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით წვრთნებში. დღეს ეს პარტნიორები რუსეთის ზეწოლას განიცდიან. ნატო-ს მოკავშირეები მოწოდებული არიან, გაზარდონ მხარდაჭერა მათ მიმართ. ეს შეხვედრა არის შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების პრობლემები, განსაკუთრებით კი სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.