ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც დაყადაღებული რუსული აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ დავბლოკეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს რეზერვები და გავყინეთ რუსი ოლიგარქების ფული, 19 მილიარდი ევრო, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროკავშირი და მისი პარტნიორები მუშაობენ იმაზე, რომ თანხების მართვა და მათი ინვესტირება შეძლონ. შემოსული თანხა უკრაინაში წავა, რათა ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდეს.
„ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო შეთანხმებაზე ჩვენს პარტნიორებთან, რათა ეს შესაძლებელი გახდეს. ერთად ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ლეგალური გზები, რომ მივაღწიოთ ამას”, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროკავშირი გამოდის ინიციატივით, გაერო-ს მხარდაჭერით შეიქმნას სპეციალიზირებული სასამართლო რუსეთის დანაშაულისა და აგრესიის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით.