ოქტომბერში, საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა. ამასთან, ინფლაციური წნეხი მსოფლიოში პიკზეა. საინტერესოა რა მოლოდინები უნდა გვქონდეს საქართველოში სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით, როდიდან უნდა ველოდოთ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში ინფლაციის შემცირებას. გადაცემის მეორე ნაწილში კი საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი შემოგვიერთდება, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას და მერიის მიერ დაგეგმილ მომდევნო ეტაპებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ კახა კალაძემ პრეზენტაცია გამართა. სანამ სტუმრები შემოგვიერთდებიან, რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს გაგაცნობთ. საქსტატმა 2022 წლის ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა. მთლიანად 10 თვის განმავლობაში კი ეკონომიკურმა ზრდამ 10% შეადგინა. უფრო კონკრეტულად კი, ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა, ესენია: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ 11 მილიარდ 200 მლნ ლარი შეადგინა, ეს კი წინა წელთან შედარებით თითქმის 14%-ით მეტია.