დონეცკის საავადმყოფოებში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 720-ზე მეტი დაჭრილი ოკუპანტი გადაიყვანეს, სამედიცინო დაწესებულებები სავსეა „რაშისტებით“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ ძლიერად დაარტყეს მტერს. გასული დღის განმავლობაში მათ ოკუპანტების პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე 15 დარტყმა განახორციელეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დროებით ოკუპირებულ გორლივკაში მდებარე ერთ-ერთი სამოქალაქო საავადმყოფო გადაკეთდა სამხედრო ჰოსპიტალად, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის შესვლა მთლიანად შეზღუდულია და პაციენტების ნახვის უფლება მხოლოდ სამედიცინო პერსონალს აქვს.
„გასული კვირის განმავლობაში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ დონეცკში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს რუსეთის საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფების 720-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე. მიმდინარე დღის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ 15 დარტყმა მიაყენა ტერიტორიებს, სადაც კონცენტრირებულია პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკა. ასევე მტერმა მიიღო 2 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე და ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს „ორლან-10“ ტიპის 3 უპილოტო საფრენი აპარატი“, - აცხადებენ გენშტაბში.