აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს უკრაინისთვის ახალ დახმარებას გამოაცხადებს, რომელიც რუსული თავდასხმების ფონზე, ელექტროგადამცემი ქსელის აღდგენაში დახმარების გაწევას ითვალისწინებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობის დაცვით განუცხადა, რომ ვაშინგტონი ამერიკულ და ევროპულ კომპანიებთან მუშაობს, რათა განათავსონ აღჭურვილობა რუსული სარაკეტო დარტყმებით დაზიანებული მაღალი ძაბვის გადამცემი სადგურების აღდგენის მიზნით.
ბლინკენი ამ საკითხზე დღეს, ენერგეტიკული საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე ისაუბრებს, რომელსაც სხვა ქვეყნებთან ერთად „დიდი შვიდეულის“ წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
ოფიციალური პირი არ აკონკრეტებს, თუ რა ფორმით მოხდება და რა ღირებულების იქნება აღნიშნული დახმარება.
წყაროს ცნობით, ვაშინგტონი ასევე მოუწოდებს სხვა ქვეყნებს გააკეთონ იგივე, რათა კიევმა მოახერხოს უშუქობის თავიდან აცილება, რომლის გამოც მილიონობით ადამიანს, ნულ გრადუსზე დაბალი ტემპერატურის პირობებში, სიბნელესა და გათბობის გარეშე დარჩენა ემუქრება.