ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით დაახლოებით 17 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 43 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.11%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.24%-ით შემცირდა. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.27 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 12.07 მლრდ ლარის მოცულობის სესხი. 2022 წლის ოქტომბრის განმავლობაში 0.38%-ით, ანუ 87.37 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 23.07 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.17 პროცენტი შეადგინა.