ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალი 21 მლრდ 300 მლნ ლარია. ეს თანხა 2022 წლის იანვართან შედარებით თითქმის 3-ნახევარი მილიარდი ლარით ნაკლებია. საგარეო ვალის შემცირების უმთავრეს მიზეზს ეროვნული ვალუტის გამყარება წარმოადგენს. იანვარში ერთი დოლარი საშუალოდ 3 ლარი და 6 თეთრი ღირდა, რასთან მიმართებითაც კურსი ამჟამად 12%-ით არის გამყარებული. ხოლო ერთი ევროს საშუალო საფასური 3 ლარი და 42 თეთრი იყო, რასთან მიმართებითაც კურსი 17%-ით არის გამყარებული. საგარეო ვალის 58% ამჟამად ევროშია დენომინირებული, ამიტომაც თავად ევროს გაუფასურებაც საქართველოს ვალის შემცირების ერთ-ერთი წამყვან ფაქტორს წარმოადგენს. რაც შეეხება ვალის კომპოზიციას დონორებისა და ქვეყნების მიმართ, ამ მხრივ მდგომარეობა უცვლელია - ყველაზე დიდი მოცულობის თანხა საქართველოს კვლავ მსოფლიო ბანკის ჯგუფისადმი მართებს.