მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრს, ხოსე მანუელ ალბარესს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.
„2023 წელს, ესპანეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმდინარეობასა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობას. ილია დარჩიაშვილმა ხოსე მანუელ ალბარესთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ესპანეთის მტკიცე მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია.
მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე და საქართველოს როლსა და კონტრიბუციაზე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ მჭიდრო კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებს. ილია დარჩიაშვილმა 2023 წლისთვის ესპანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.