ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება და მას „ღია დისკრიმინაციას“ უწოდებს.
„ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ვიზების აკრძალვის შესახებ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც მიიღეს პასპორტები რუსეთის ახალი რეგიონების ტერიტორიებზე, ასევე ყირიმის რესპუბლიკაში, აფხაზეთის რესპუბლიკასა და "სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკაში, განიხილება, როგორც ევროკავშირის ქვეყნების მორიგი არამეგობრული თავდასხმა, ევროპული დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევა და არსებითად, ეს არის ღია დისკრიმინაცია ამ ტერიტორიებზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მიმართ“, - ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
მათივე ინფორმაციით, პარლამენტმა გადაწყვეტილება 531 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, 34-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.