პარიზის მერია ელექტროსკუტერების გაქირავების სრულ აკრძალვას განიხილავს, რისი მიზეზიც ამ ტიპის ტრანსპორტით ავარიების დიდი რაოდენობაა. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტომდე პარიზში ელექტროსკუტერებით 330-ზე მეტი ავარია დაფიქსირდა, რაც, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 37%-ით მეტია. „ევროპულსი“ წერდა, რომ გასული წლის განმავლობაში სკუტერებით მგზავრობის რაოდენობა ევროკავშირში 4-ჯერ გაიზარდა, რის შედეგადაც გაიზარდა ავარიებიც. მთავარი მიზეზი არის ნასვამ მდგომარეობაში მართვა და სკუტერის გამოყენების წესების დარღვევა, ამიტომ ევროპის ქვეყნები და ქალაქები თავიანთი მცხოვრებლების დასაცავად სხვადასხვა გზას ეძებენ: მაგალითად, იტალიაში ელექტროსკუტერის დაუდევარ მძღოლებს მართვის კურსებზე აგზავნიან, ვარშავაში ელექტროსკუტერებს ცენტრალურ პარკებსა და ბაღებში აღარ უშვებენ, ხოლო ლუბლიანაში ელექტროსკუტერების მძღოლებს საათში 5 კილომეტრზე მეტად აჩქარება აეკრძალათ. საინტერესოა, საქართველოში როგორი ვითარება გვაქვს ამ კუთხით. ბოლო პერიოდში აქაც დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, ელექტროსკუტერებით შეჯახების, თუმცა უფრო დეტალურ ინფორმაციას ,,ბიზნეს პალიტრა“ მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. თუმცა, ცალსახაა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა ადამიანმა არც სკუტერი უნდა მართოს და არც სხვა სატრანსპორტო საშუალება.