კვენტინ ტარანტინოს მარველის სამყაროს ფანს ნამდვილად ვერ დავარქმევდით და ამას მისი ბოლო ინტერვიუც მოწმობს. ორგზის ოსკარის მფლობელმა რეჟისორმა უკმაყოფილება ღიად გამოთქვა ახალ ჰოლივუდურ ტენდენციასთან დაკავშირებით — გადაიღონ ფილმები მხოლოდ სუპერგმირებზე.
"ჰოლივუდის მარველიზაციამ ის გამოიწვია, რომ გყავს მსახიობები, რომლებიც ცნობილ გმირებს თამაშობენ. ისინი არ არიან კინოვარსკვლავები. კაპიტანი ამერიკაა ვარსკვლავი. თორია ვარსკვლავი."
ტარანტინომ დააზუსტა, რომ მარველის ფილმები არ სძულს, უბრალოდ სურს, რომ მეტი მრავალფეროვნება არსებობდეს კინოინდუსტრიაში.
"ბავშვობაში მარველის კომიქსებს მეც ვაგროვებდი,"— განაცხადა რეჟისორმა. — "ეს ფილმები მაშინ, რომ გამოსულიყო, როცა 20 წლის ვიყავი, საოცრად ბედნიერი ვიქნებოდი და ძალიან მომეწონებოდა. ამის მიუხედავად, შემიძლია, ვთქვა, რომ იმ პერიოდში მხოლოდ ერთი კატეგორიის ფილმებს არ გადაიღებდნენ. მარველის ფილმები სხვა ფილმებს შორის ერთ-ერთი კატეგორია იქნებოდა. ახლა 60 წლის ვარ და ცხადია, იმდენად აღტაცებული აღარ ვარ ამ ტიპის კინოთი. სხვა ფილმების გადაღება კი სტუდიოს აღარ სურს. ესაა ჩემი პრობლემა."
თავად კვენტინ ტარანტინოს შემოქმედება უდავოდ გამოირჩევა მრავალფეროვნებით; რეჟისორს უმუშავია ისეთ ცნობილ ფილმებზე, როგორებიცაა Pulp Fiction, Inglorious Bastards, Django Unchained, Kill Bill, Once Upon a Time...In Hollywood