ტიტანიკის შექმნიდან შემდეგ თვეში 25 წელი გადის. ცნობილი ფილმის შესახებ ჯეიმს კამერონმა ახლახან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და დასძინა, რომ მთავარ როლებზე ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი თავიდანვე სულაც არ შეურჩევია. როუზის როლზე კამერონს გვინეტ პელტროუს დამტკიცება სურდა, ქეითი კი სათადარიგო ვარიანტად განიხილებოდა.
"თავიდან ქეითს მთავარ როლში ვერ ვხედავდი. იმ ეტაპისთვის უინსლეტს რამდენიმე ისტორიულ დრამაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და რეპუტაციაც სწორედ ამ ჟანრში მოიპოვა", — განაცხადა კამერონმა. მისივე თქმით, ქეითის კასტინგზე მოწვევას მაინც დათანხმდა და როცა მსახიობს პირადად შეხვდა, აზრი სწორედ მაშინ შეიცვალა.
რაც შეეხება ლეონარდოს როლზე დამტკიცებას, ქეითისთვის პარტნიორს ეძებდნენ, რომელიც მისთვის ყველაზე მეტად შესაფერისი იქნებოდა. როცა ლეონარდომ ქეითთან ერთად კასტინგზე რამდენიმე სტრიქონი წაიკითხა და ეს კამერებმაც გადაიღო, წყვილს შორის "ქიმია" მარტივი შესამჩნევი იყო. შედეგად კი, ლეონარდომ მთავარი როლი მიიღო.
როგორც ჯეიმს კამერონი იხსენებს, მან ლეონარდოს აუხსნა, თუ რა მასშტაბურ პროექტზე უწევდა დათანხმება და შეახსენა, რომ ცხოვრების 2 წელი ტიტანიკის გადაღებებისთვის უნდა დაეთმო. ლეონარდო შემოთავაზებას დათანხმდა და კამერონის თქმით, ახალგაზრდა მსახიობი ჯეკის როლისთვის იდეალური არჩევანი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ტიტანიკის პრემიერა 1997 წლის 19 დეკემბერს შედგა. ფილმმა 11 ოსკარი მოიპოვა, მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორობისთვის ჯეიმს კამერონს გადაეცა.