ყოველთვიურად, ყოველი ჩვენგანი ბიუჯეტში ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის სახით გარკვეულ თანახას იხდის, შესაბამისად საინტერესოა რა თანხა შედის ბიუჯეტში მოქალაქეების შემოსავლებიდან. ამ წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 20 მილიარდ 347 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო საშემოსავლო გადასახადის სახით, 4 მილიარდ ლარზე მეტი შევიდა. რაც შეეხება დამქირავებლის მიერ დაკავებულ საშემოსავლო გადასახადს, ამ სახით ბიუჯეტში 3 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი გადაირიცხა. ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 16,6 მილიარდ ლარს გადააჭარბა, საშემოსავლო გადასახადის სახით კი, სახელმწიფო ბიუჯეტში 3 მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. შედარება რომ გავაკეთოთ, საშემოსავალო გადასახადი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია, როგორც ნაერთ ისე სახელმწიფო ბიუჯეტში.