აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს უკრაინაში, თუ მისი ჯარები გააგრძელებენ პოზიციების დაკარგვას ბრძოლის ველზე.
ინფორმაციას Politico ექვს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთა შორის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირები არიან.
მათივე თქმით, აშშ-ს ამ დროისთვის არ გააჩნია ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა უკრაინაში ქიმიური თავდასხმის გარდაუვალობაზე, თუმცა ბრძოლის ველზე მუდმივი დანაკარგების ან რუსული არმიის სრული კოლაფსის შემთხვევაში, ამ საკითხზე მომუშავე ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, მიმართოს ქიმიური იარაღის გამოყენებას, მათ შორის იმ ქიმიური იარაღის, რომელიც ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ ამ შემოდგომაზე პენტაგონმა აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნა ჯგუფები, რომლებმაც ქიმიური ან ბიოლოგიური საფრთხის შემთხვევაში, შეიარაღებულ ძალებს სამოქმედო პროცედურები გააცნეს. ასევე, აშშ-მა კიევს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული დაცვის საშუალებები მიაწოდა.