E ჯგუფის მეორე შეხვედრში ერთმანეთს ესპანეთისა და კოსტა რიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. თამაში ესპანელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით დასრულდა – 7:0.
ესპანელები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ანგარიშიც მალევე გახსნეს – მე-10 წუთზე დანი ოლმომ საჯარიმოში რამდენიმე მცველი ოსტატურად ჩამოიშორა, კოსტარიკელები ვეღარც ხესუს ნავასმა გადაარჩინა.
ლუის ენრიკეს გუნდმა შეტევას არც გოლის შემდეგ მოუკლო - ესპანელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, რაც საბოლოოდ ანგარიშშიც აისახა. მათ პირველ ტაიმში კიდევ ორი გოლი გაიტანეს და ფაქტობრივად, გადაწყვიტეს კიდეც მატჩის ბედი.
მეორე ტაიმიც ნომინალური მასპინძლების უპირატესობით დაიწყო – ჯერ ფერან ტორესმა შეასრულა დუბლი, მეხუთე გოლი კი ესპანელთა შემადგენლობაში გავის ანგარიშზეა და ის პელეს შემდეგ, მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა მოახერხა - გავი 18 წლის და 110 დღის გახლავთ.
საბოლოო ჯამში, ესპანელებმა საკმაოდ იოლი გამარჯვება მოიპოვეს. მომდევნო ტურში ესპანეთის ნაკრები გერმანიას ეთამაშება. მატჩი 27 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.