ამერიკელი შემსრულებელი და მულტიინსტრუმენტალისტი მარვინ გეი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, იმ იშვიათ მუსიკოსთა რიცხვს მიეკუთნება, ვინც ხანმოკლე კარიერის მიუხედავად, მაინც მთელი ეპოქა შექმნა და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მუსიკის ისტორიაში.
მუზიცირება საკმაოდ ადრე - 4 წლის ასაკში დაიწყო მღვდელმსახური მამის წყალობით, როცა საეკლესიო ქოროში ჩარიცხული ჯერ მამას უწევდა აკომპანირებას ფორტეპიანოზე, მერე დასარტყამ ინსტრუმენტზე მოსინჯა შესაძლებლობები. მართალია, 17 წლის მარვინი მოხალისედ ჩაეწერა სამხედრო-საჰაერო ძალების რიგებში, მაგრამ არმიამ, სადაც მხოლოდ შავ სამუშაოს ასრულებდა, ვერ გაამართლა მისი მოლოდინი და რამდენიმე თვეში ფსიქიური აშლილობის სიმულირებით სამუდამოდ დაემშვიდობა სამხედრო სამსახურს.
1957 წელს გეიმ საკუთარი ჯგუფი The Marquees შექმნა და მხოლოდ ერთი კომპოზიცია Wyatt Earp გამოუშვა, თუმცა 1961 წელს სწორედ მარცხიანი კოლექტივის წყალობით გაიცნო პირველი შავკანიანი მუსიკალური ლეიბლის Motown Records-ის დამფუძნებელი, პროდიუსერი ბერი გორდი, რომელიც საკუთარი ხმის ტემბრითა და სამოქტავიანი დიაპაზონით აღაფრთოვანა. მარვინმა ჯერ პერსპექტიულ ხმისჩამწერ სტუდიასთან გააფორმა კონტრაქტი, რამდენიმე თვის შემდეგ კი, ბერის დაზე, 17 წლით უფროს ანა გორდიზე იქორწინა.
არაჩვეულებრივი ვოკალური შესაძლებლობების მიუხედავად, მუსიკალური კარიერა გეიმ მაინც დრამზე დაკვრით დაიწყო სმოკი რობინსონის სტუდიურ სესიებზე და მხოლოდ მოგვიანებით გაბედა რამდენიმე წლით ადრე შექმნილი კომპოზიციის შესრულება. საერთო ჯამში Motown-თან თანამაშრომლობით მუსიკოსმა 150-მდე სინგლი ჩაწერა, 1965 წელს კი, როცა მისი კომპოზიციები, პოპულარული ჰიტის Ain’t That Peculiar ჩათვლით ჩარტში დაწინაურდა, ლეიბლის ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად დასახელდა.
1960-იანი წლების ბოლოს, რასობრივი უთანასწორობისა და შავკანიანთა უფლებებისთვის ბრძოლის ეპოქაში, როცა განსაკუთრებით გააქტიურდნენ სემ კუკი, ჯეიმს ბრაუნი, ოტის რედინგი და არეტა ფრანკლინი, Motown Records-ის ხელმძღვანელობამ მათი მხარდაჭერის ნაცვლად რეკომენდაციების მთელი ნუსხა გამოსცა და ლეიბლით გაერთიანებულ მუსიკოსებს საკუთარ ნამუშევრებში სოციალურ-პოლიტიკური თემების წინა პლანზე წამოწევა აუკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კონტრაქტის გაუქმებით დაემუქრა.
მსგავსი ულტიმატუმი სხვებზე მეტად გეისთვის აღმოჩნდა მიუღებელი, რადგან გორდის მიერ შერჩეული გულუბრყვილო, თუმცა კომერციულად მომგებიანი ბალადების შესრულება მუსიკოსს ზედმეტად პრიმიტიულად და დამამცირებლად მოეჩვენა, „როგორ ვიმღერო სიყვარულზე, როცა სამყარო ჩემს გარშემო ყოველდღე ფეთქდება“, - შენიშნა გეიმ და უარი თქვა მათ ჩაწერაზე. მეტიც, გორდისთან უთანხმოების, მეუღლესთან კი, მუდმივი კონფლიქტის ფონზე მარვინმა საერთოდ დაკარგა მუშაობის ხალისი და მცირე შემოქმედებითი პაუზით ისარგებლა, თუმცა 1971 წელს მეტად ნოვატორული ალბომით What’s Going On დაუბრუნდა მუსიკალურ სამყაროს.
კომპოზიციები, რომელიც გეის ავტორობითა და პროდიუსერობით ჩაიწერა, მეტწილად ვიეტნამის ომიდან დემობილიზირებული ძმის მონათხრობის გავლენით შეიქმნა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ნამუშევრებმა სოციალური ჟღერადობა შეიძინა, წამყვან თემად კი, სიღატაკე და რასობრივი დისკრიმინაცია, კორუფცია და შავკანიანთა გეტოებში მასიურად გავრცელებული ნარკომანია იქცა.
აღსანიშნავია, რომ ახალი ალბომი არა მხოლოდ გეის შემოქმედებაში იქცა გარდამტეხად, არამედ მთლიანად რიტმ-ენდ-ბლუზის ისტორიაში, რადგან სწორედ მისი წყალობით დაემშვიდობა მუსიკოსი მოთაუნისეულ მსუბუქ სტილს, როცა ერთის მხრივ, დრამზე გააკეთა აქცენტი, მეორეს მხრივ, ჯაზის, გოსპელის ელემენტებით გაამდიდრა ტრადიციულ ჟღერადობა და სამუდამოდ შეცვალა 1940-იან წლებში შექმნილი მუსიკალური ჟანრი. ამასთანავე, სწორედ გეიმ „დაასერიოზულა“ მეტწილად გასართობი R&B, როცა საკუთარი ემოცია, განწყობა გამოხატა და ერთგვარი სოციალური მიმდინარეობა შავკანიანი მუსიკოსების თვითგამოხატვის საშუალებად აქცია.
გორდი, რომელიც ალბომის სირთულემ და ამბიციურობამ დააფრთხო, დიდხანს უარობდა მის გამოშვებას და მხოლოდ მაშინ დათანხმდა, როცა მთავარი თრეკი What’s Going პოპ-ჩარტის ლიდერი გახდა. საუკეთესო ათეულში მოხვდა ალბომის კიდევ ორი სიმღერა -Mercy Mercy Me და Inner City Blues.
მართალია, მშვიდობის მანიფესტად ქცეული What’s Going, რომელიც 2004 წელს მე-4 პოზიციით შევიდა Rolling Stone-ის ყველა დროის საუკეთესო 500 სიმღერის ნუსხაში, მუსიკოსის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება, მაგრამ სინამდვილეში მისი შექმნის იდეა არა გეის, არამედ ჯგუფის The Four Tops-ის ვოკალისტს ობი ბენსონს ეკუთვნის.
1969 წლის 15 მაისს ბენსონი სან-ფრანცისკოში, ბერკლის სახალხო პარკში აღმოჩნდა პაციფისტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე, რომელმაც მოგვიანებით „სისხლიანი ხუთშაბათის“ სახელი შეიძინა. მუსიკოსი თავად გახდა პოლიციელების სისასტიკის მსხვერპლი, რომელთაც დაუნდობლად დაარბიეს ანტისაომარი მანიფესტაცია. სწორედ სიტყვებით What's Going On? (ანუ რა ხდება?) სცადა დაზარალებულმა ბენსონმა კონფლიქტის მიზეზის გარკვევა და მართალია, სანუგეშო ვერაფერი შეიტყო, მაგრამ საკუთარი შეკითხვა მაინც განაზოგადა და ერთგვარი გლობალური მნიშვნელობა შესძინა.
ლოს-ანჯელესში დაბრუნებულმა ბენსონმა კომპოზიციის მონახაზი გააკეთა და საკუთარ ჯგუფს შესთავაზა მისი დამუშავება, თუმცა მუსიკოსებმა ისევ Motown-ის პოლიტიკის გათვალისწინებით თქვეს უარი, გეი კი, რომელმაც მეტად ემოციურად განიცადა 1965 წლის უოტსის ბუნტად წოდებული ეთნიკური კონფლიქტი ლოს-ანჯელესის გარეუბანში, სიამოვნებით დათანხმდა სიმღერის ჩაწერას და არა მხოლოდ ტექსტი დახვეწა, არამედ შავკანიანთა გეტოსთვის დამახასიათებელი ჟღერადობაც შესძინა მელოდიას.
რა თქმა უნდა, ალბომის მსგავსად Motown-ის ხელმძღვანელობამ სინგლის გამოშვებაც კატეგორიულად გააპროტესტა. მართალია, გორდი დიდხანს არწმუნება მარვინს, რომ არ ღირდა ერთი სიმღერით მთელი კარიერის დანგრევა, მაგრამ მუსიკოსმა მაინც გარისკა და სინგლი 1971 წლის იანვარში გამოუშვა. რისკმა გაამართლა, რადგან კომპოზიციამ არა მხოლოდ Grammy-ის ორი ნომინაცია დაიმსახურა, არამედ შავკანიანთა პროტესტის ერთგვარ ჰიმნადაც იქცა.