სომხეთის დედაქალაქ ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრების და უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრები გაიმართა.
ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობდა. მასპინძელი ქვეყნის პრემიერმა ყურადღება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე გაამახვილა და მწუხარება გამოთქვა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა სომხეთს ვერ დაეხმარა აზერბაიჯანისგან თავი დაეცვა.
„სამწუხაროა, რომ ორგანიზაციაში სომხეთის წევრობამ ვერ შეაჩერა აზერბაიჯანი აგრესიული ქმედებებისგან, მითუმეტეს, რომ ორგანიზაციამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის აგრესიის წინააღმდეგ. მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იყო. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების დაარსებიდან 30 წლის გასვლის შემდეგ სამწუხაროდ, საიუბილეო განწყობაზე არ ვართ. იგივე შემიძლია ვთქვა ჩვენი მოკავშირეების ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე დაძაბულობაზე. იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ ჩვენი მოკავშირეების მიდგომების კოორდინაციას და მივაღწევთ შეთანხმებას პრობლემურ საკითხებზე“, - განაცხადა მან.