რუსეთი ევროპას გაზის მიწოდების კიდევ უფრო შემცირებით ემუქრება. Gazprom-ის განცხადებაში საუბარია უკრაინის ტერიტორიაზე გამავალ გაზსადენზე, რომელიც Nord Stream-ის გაჩერების შემდეგ ერთადერთი მარშრუტი იყო, რითაც ევროპა რუსულ გაზს იღებდა.
Gazprom აცხადებს, რომ თუ დისბალანსი არ აღმოიფხვრა, გაზის შემცირებას 28 ნოემბრიდან დაიწყებს. მიზეზად კი უკრაინის ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის დანაკარგებს ასახელებს. გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის სახელმწიფო კომპანია ირწმუნება, რომ მოლდოვისთვის განკუთვნილი გაზის გარკვეული მოცულობა უკრაინაში იკარგება. კერძოდ, საუბარია 52 მლნ კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ გაზზე. თუ გაგზავნილი ბუნებრივი აირი დანიშნულების ადგილამდე არ მივა, რუსეთი გაზის მიწოდების შემცირებას 28 ნოემბრის დილის 10:00 საათიდან აანონსებს.
ამ ეტაპზე უკრაინის გავლით Gazprom-ი დღიურად 43 მლნ კუბური მეტრის მოცულობის გაზს ატარებს. როგორც Bloomberg წერს, რუსულმა კომპანიამ მოლდოვას გაზის მიწოდება ოქტომბრიდან შეუმცირა. შედეგად რუსეთისგან მოლდოვა დღიურად თითქმის 6 მილიონი კუბური მეტრით ნაკლებ გაზს იღებს.